დავით უსუფაშვილი: საფრთხე რეალურია! ამერიკელი კონგრესმენები სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან!

“საფრთხე რეალურია. ჩვენ საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცას ვიტყვით, მერე შეგვიძლია მეორე დღეს სხვა რაღაც ვთქვათ, მაგრამ იქ სხვაგვარადაა. ამერიკელი კონგრესმენები სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. იქამდე კი გთავაზობთ ამ ნაწილს:

_ საფრთხე რეალურია თუ ეს არის გაფრთხილება ხელისუფლების მისამართით?

_ ეს არის ძალიან რეალური საფრთხე. იმიტომ, რომ ჩვენი ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით ამერიკელი კონგრესმენები ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან. იმიტომ, რომ როცა მათ თქვეს, რომ თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ გადაწყვეტილება იქნება ასეთი და ასეთი, მერე მათ საკუთარ ამომრჩეველს უნდა გასცენ პასუხი. თუ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაინც გააგრძელებენ დახმარებას ძველი ოდენობით.

_ ანუ მათ სიტყვის ფასი იციან?

_ საკუთარი პასუხისმგებლობის განცდა აქვთ, ოპონენტებთან, ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან… თუ გამოვიდა სენატორი და თქვა, რომ თუ ეს ასე იქნება, მე ამას ხმას არ მივცემ და მეორე დღეს მაინც ხმას აძლევს, ის საერთოდ დაკარგავს სენატში ადგილს და ა. შ. ჩვენ საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცას ვიტყვით, მერე შეგვიძლია მეორე დღეს სხვა რაღაც ვთქვათ, მაგრამ იქ სხვაგვარადაა. აქედან გამომდინარე ეს არის რეალური საფრთხე. აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, რომ შესაძლოა 15%-ით ნაკლები დახმარება მივიღოთ. ეს არის ძალიან დამაზარალებელი სიგნალი იმის თაობაზე, რომ უმაღლეს დონეზე საქართველოს მთავრობა აღიარებულია არასანდო პარტნიორად. იმიტომ, რომ ისინი თვალთმაქცობენ და იტყუებიან. საკუთარ მოსახლეობას ატყუებენ და საერთაშორისო საზოგადოებასაც. ეს არის უმძიმესი შედეგი, რაც გამოიხატა აღნიშნული დოკუმენტის პროექტში.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2.  ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად