დავით უსუფაშვილი: რუსეთის ბაზარზე ზედმეტად ორიენტირება ხაფანგი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ზომიერი სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება მნიშნელოვანია, გადაჭარბება კი შესაძლოა, ერთგვარი ხაფანგიც აღმოჩნდეს.

როგორც მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, საქართველომ აირჩია არა კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან, არამედ უარი თქვა მასთან ურთიერთობის გაუარესებაზე, რადგან რუსეთთან დიალოგი მიზნად ისახავს უფრო მეტი გართულების თავიდან აცილებას და არა რაიმე დიდი მონაპოვრის მიღებას.

 

„ჩვენ გვესმის, რომ ზომაზე მეტად თუ აღმოვჩნდით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული ეს იქნება მორიგი ხაფანგი იმისათვის რომ უკვე ეკონომიკური ბერკეტებით დააზიანონ საქართველო. ამიტომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამ ნაბიჯების გადადგმამდე ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ბალტიის ქვეყნებთან, რომელთაც აქვთ რუსეთთან სავაჭრო უერთიერთობის გამოცდილების. ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი დამოკიდებულ ქვეყნებისთვის სხვადასხვა საბაბით კეტავდა ბაზარს. მარტივად რომ ვთქვათ, ზომიერი სავაჭრო ურთიერთობის რუსეთთან შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგრამ არ უნდა მოხდეს გადაჭარბება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილი მიათითებს, რომ სრულად რუსეთის ბაზარზე ორიენტირება არ არის სწორი ბიზნესგადაწყვეტილება. "ბიზნესწრეები ყველაზე უფრო რაციონალური ხალხია და ისინი ამ საფრთხეებს ყველაზე კარგად ხედავენ", – ამბობს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...