დავით უსუფაშვილი: როგორც მიშას ეშინოდა დამოუკიდებელი მოსამართლეების, “ოცნებასაც” ასევე შეეშინდა

“შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში აუცილებლად მოუწევს ყველას უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეეხება. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც დეპუტატების ნაწილმა საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვა მოაწყო.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან “ქართული ოცნების” მიდგომა იყო, რომ ქირურგიული ჩარევები არ მომხდარიყო მართლმსაჯულების სისტემაში, მაგრამ ვადა რომ ამოეწურებოდა იმ მოსამართლეებს, ვინც იყო სიმბოლო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სასამართლოს დამოკიდებულების პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, ისინი ხელახლა სასამართლოში აღარ დანიშნულიყვნენ, იუსტიციის საბჭოში დანიშნულიყვნენ წესიერი, პატიოსანი, ობიექტური, დამოუკიდებელი ადამიანები.

“სამწუხაროდ, 2015 წლის დეკემბრიდან, ეს ყველაფერი წაღმა შეტრიალდა, მურუსიძე ხელახლა დაინიშნა, ეს იყო ჩემთვის ის ნიშნული, რის შემდეგაც მე ჩავთვალე, რომ შეუძლებელი იყო “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობის გაგრძელება, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც “ნაცმოძრაობისთვის” აღმოჩნდა მარტივად სამართავი ქვეყანა, თუკი სასამართლოსაც ისევე მართავდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს და რაღაც სხვა უწყებას.

თუ ის დამოუკიდებელი იქნებოდა, როგორც მიშას ეშინოდა დამოუკიდებელი მოსამართლეების, რომ ისინი არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს უკან დამიბრუნებენო, ახლა “ოცნებასაც” ასევე შეეშინდა დამოუკიდებელი სასამართლოსი, რადგან ჩვენს მიერ სასამართლომდე მიყვანილ დამნაშავეებს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს თუ სხვებს, მოსამართლეები შეიძლება გაამართლებენო. აი, ეს მენტალიტეტია მოსაშლელი და დასარღვევი.

პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა მინდა რომ იყოს, ეპოქალური ცვლილება ამ ქვეყანაში. ეს კომუნისტური მენტალიტეტი და კომუნისტური მიდგომები სასამართლოსადმი, უნდა დასრულდეს, მაგრამ ამას სჭირდება სიმართლის თქმა” -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 4 ივნისს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს მიმართა რეზოლუციის პროექტით, რომელიც მათ ინფორმაციით, „მიზნად ისახავს სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის შეფასებას და ამ პრობლემის დაძლევის მიზნით საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებების დაგეგმვას“.

რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა რვა პოლიტიკურმა ჯგუფმა და შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან თანამშრომლობით იმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, სადაც მიწვეული არიან რეზოლუციის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...