დავით უსუფაშვილი: “ოცნებას” თუ უნდა “ფრონტერას” დაუკავშიროს, უცხო პლანეტელებს, ან ზღაპრები გაავრცელოს (ინტერვიუ)

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ს აჩერებს. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და უზურუნველყოფს კანონის უზენაესობას. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო პროექტის გადაწყვეტილებით 132 მილიონიანი დახმარება იქამდე შემცირდება, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებით სათანადო ნაბიჯებს დგამს.

საქართველოს ხელისუფლებაში ამას სერიოზულად არ აღიქვამენ და ისევ საქართველოს ოპოზიციის „ხრიკად“ მოიხსენიებს. პარლამენტის პრიველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ეს კომპანია „ფრონტერას“ დაუკავშირა.

საფრთხე რეალურია და ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია თუ საქმე არც იმდენად პრობლემურია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს? ხომ არ ჰქონიათ კონსულტაციები ბოლო პერიოდში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან და ხომ არ უნდა ველოდოთ „ლელოში“ მის მისვლას უახლოეს პერიოდში? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუბრობს:

_ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ს აჩერებს, სანამ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. საქართველოს ხელისუფლებიდან განცხადებები მოვისმინეთ. არ არის ისეთი პრობლემა, როგორც ჩვენ გვგონია თუ „ქართული ოცნება“ სირაქლემას პოზიციაშია?

_ საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი დღევანდელი უსაფრთხოების სისტემა და დღევანდელი მდგომარეობა, რომ რუსეთი ბოლომდე არ ახორციელებს თავის ზრახვებს ჩვენს მიმართ და ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არის აღიარებული ისე, როგორც ეს რუსეთს სურს, ეს 90%-ით აშშ-ის დამსახურებაა ჩვენი ევროპელი მეგობრების.

როდესაც მეგობართა წრეში ადამიანს სახელი გაგიტყდება, რისი იმედი უნდა გქონდეს, სრულიად გაუგებარია. სხვა რა საზომით შეიძლება მივუდგეთ იმას თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი თუ ქვეყანა. როდესაც მტრებში არ გაქვს კარგი სახელი ეს ახსნადია, მაგრამ როდესაც მეგობრები ღიად გეტყვიან გინდა ადამიანურ ურთიერთობაში გინდა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში გეტყვიან, რომ თქვენს სიტყვას ფასი არ აქვს, რაღაცებს გვპირდებით, მაგრამ ამას აღარ ასრულებთ, ამიტომ დაპირებულ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ ვნახავ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებსო, ასე ელაპარაკებიან იმ მეგობრებს, ვის მიმართაც ძალიან სერიოზული პრობლემები დაუგროვდათ სხვებს.

„ოცნება“ აცნობიერებს ამას თუ ვერა, ეს ნაკლებად საინტერესოა. რომ აცნობიერებდეს, აქამდე არც მიიყვანდა საქმეს. პრობლემა იმაშია, რომ დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებები უკვე ქვეყნის პრობლემად იქცა. ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ აზიანებენ. აზიანებენ ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ შევძლოთ ისეთი ხელისუფლების ფორმირება, რომელიც ამ ზიანს ააცილებს ქვეყანას.

_ საფრთხე რეალურია თუ ეს არის გაფრთხილება ხელისუფლების მისამართით?

_ ეს არის ძალიან რეალური საფრთხე. იმიტომ, რომ ჩვენი ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით ამერიკელი კონგრესმენები ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან. იმიტომ, რომ როცა მათ თქვეს, რომ თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ გადაწყვეტილება იქნება ასეთი და ასეთი, მერე მათ საკუთარ ამომრჩეველს უნდა გასცენ პასუხი. თუ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაინც გააგრძელებენ დახმარებას ძველი ოდენობით.

_ ანუ მათ სიტყვის ფასი იციან?

_ საკუთარი პასუხისმგებლობის განცდა აქვთ, ოპონენტებთან, ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან… თუ გამოვიდა სენატორი და თქვა, რომ თუ ეს ასე იქნება, მე ამას ხმას არ მივცემ და მეორე დღეს მაინც ხმას აძლევს, ის საერთოდ დაკარგავს სენატში ადგილს და ა. შ. ჩვენ საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ რაღაცას ვიტყვით, მერე შეგვიძლია მეორე დღეს სხვა რაღაც ვთქვათ, მაგრამ იქ სხვაგვარადაა. აქედან გამომდინარე ეს არის რეალური საფრთხე. აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, რომ შესაძლოა 15%-ით ნაკლები დახმარება მივიღოთ. ეს არის ძალიან დამაზარალებელი სიგნალი იმის თაობაზე, რომ უმაღლეს დონეზე საქართველოს მთავრობა აღიარებულია არასანდო პარტნიორად. იმიტომ, რომ ისინი თვალთმაქცობენ და იტყუებიან. საკუთარ მოსახლეობას ატყუებენ და საერთაშორისო საზოგადოებასაც. ეს არის უმძიმესი შედეგი, რაც გამოიხატა აღნიშნული დოკუმენტის პროექტში.

_ სამი პუნქტი ვნახეთ, რაზეც კონგრესი აქცენტს აკეთებს. თუ ამ მიმართულებით არ გადაიდგა ნაბიჯები, მაშინ ამოქმედდება ეს თუ კიდევ უფრო მეტ კონკრეტიკას უნდა ველოდოთ?

_ ამაზე კონკრეტულად რა უნდა დაიწეროს არ ვიცი. რაც წერია სწორედ ამაზეა საუბარი. ამის შემფასებელი იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ანუ უმაღლესი რანგის საგარეო უწყება და პოლიტიკური ფიგურა იქნებიან ის წყარო, რომლებიც თუ იტყვიან, რომ ამ პუნქტებში საქართველოს წინსვლა აქვს, კონგრესში მიიღებენ უკეთეს გადაწყვეტილებას ჩვენთვის.

_ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პირდაპირ „ფრონტერას“ უკავშირებს ამ საკითხს. ეს რა გზავნილია?

_ როდესაც აშშ-ის კონგრესი და სენატი რაღაცაზე ლაპარაკობს, ის გინდა „ფრონტერას“ დაუკავშიროს ვინმემ და გინდა უცხო პლანეტელებს. ფაქტია ეს. აშშ-ის მთავრობა და კონგრესი თუ ერთი კომპანიის ინტერესებს ემსახურება და ამ ზღაპრის გავრცელება სურს „ოცნებას“, შეუძლია ეს სცადოს, მაგრამ ვის სჯერა ეს?!

_ ვისარგებლებ შემთხვევით და გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებითაც გკითხავთ. კიდევ ხომ არ გქონიათ მეოთხე პრეზიდენტთან კონსულტაცია „ლელოს“ და უახლოეს პერიოდში თქვენ გუნდთან შემოერთებას ხომ არ უნდა ველოდოთ?

_ მე ამ პროცესს, ჩემი გიორგის ურთიერთობებს თუ „ლელოს“ და გიორგის ურთიერთობებს კონსულტაციებს არ დავარქმევდი. საკონსულტაციო ჩვენ მაინცდამაინც ბევრი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს მსჯელობა იმ თემებზე რაზეც ვისაუბრეთ. ასეთი თემები მსჯელობის საგანია ხოლმე, რომ რა ხდება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შემოგარენში თუ მსოფლიოში, საპარლამენტი არჩევნების კონტექსტში ვსმსჯელობთ, ჩვენი ქვეყნის სისტემის ისტორიულ განვითარებაზე, რა ტიპის ხელისუფლება სჭირდება ქვეყანას, რომ ეს პოლარიზიებული და მტრული გარემო დაიძლიოს და ა. შ.

_ კონკრეტულად იმ საკითხებზეც მსჯელობთ? როგორ და რა ფორმებით შეიძლება გამოვიდეს ქვეყანა ჩაკეტილი წრიდან და როგორ უნდა იყოს მიღწეული დემოკრატიული ინსტიტუცია?

_ რა თქმა უნდა. ზუსტად ამ თემებზე ვმსჯელობთ. ამიტომ ვამბობ, რომ კონსულტაციები არასწორი ტერმინია, იმიტომ რომ კონსულტაციებს მართავენ მხარეები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ და იქნებ დაახლოვონ. აქ ამაზე არ არის საუბარი. ყოფილი პრეზიდენტია მარგველაშვილი, ჩვენ ვართ პარტია, მე ვარ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამიტომ ჩვენ თანამოაზრეთა წრეში ვმსჯელობთ საჯარო პოლიტიკურ, საქვეყნო საქმეებზე. ეს არის პროცესი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად