დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობები და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესი. 

საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ან ბრასორს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის და იმ პრინციპული რეზოლუციისთვის, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო.
დავით უსუფაშვილის თქმით საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე ხშირად ხსენებადი სიტყვა ევროპაა და ამაში ევროპის საბჭოს დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან თავის დროზე ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელთანაც საქართველომ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

შეხვედრას დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ბოკუჩავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და ან ბრასორმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად