დავით უსუფაშვილი დემოკრატებს: მობილური ტელეფონის ნომრები და ღირებულებები იგივე გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "თავისფალი დემოკრატების" განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში გაცხადებას ავრცელებს.

"საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების – მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც…).

სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები", – წერს დავით უსუფაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებმა“ პარლამენტის თავმჯდომარეს, "რესპუბლიკური პარტიის" საპარლამენტო ფრაქციას მიმართა. 

"ჩვენ, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ღირებულებებისა და პრინციპებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები თავს არიდებენ მათ მიერვე აღიარებული და დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად ბრძოლას, ასეთი პოლიტიკოსები აღარ ემსახურებიან ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს განვითარებულ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ვიმედოვნებთ, "რესპუბლიკური პარტია", რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები, კვლავაც მათი ერთგული რჩება დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება ,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებს დამორჩილებული მოსამართლის ხელით, კონსტიტუციისა და სამართლის გათელვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლობის დაკანონებას.

მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მივმართავთ ,,რესპუბლიკური პარტიის’’ საპარლამენტო ფრაქციას და ვთავაზობთ შეხვედრას, რათა ერთად ვიპოვოთ არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზები", – ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...