დავით უსუფაშვილი: “ჩვენს ოპონენტებს აშენებული ხუხულა დაენგრათ”

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და მთავრობისთვის გამოსაცხადებელ ნდობის საკითხებზე ტელეკომპანია "იმედით" განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება კოალიციურ რეჟიმში მოხდა.

დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ნდობის საკითხს ჩაერთო საათი.

"თუ აქამდე ეს ნდობა ითვლებოდა უვადოდ, სანამ ამ მოწვევის პარლამენტი იყო, ახლა ამ ნდობას ჩაერთო საათი. ეს ნდობა გახდა ვადიანი, ამიტომ ჩვენი მთავრობა, რომელსაც აქვს ნდობა და დარწმუნებული ვარ ეს ნდობა ხელახლა დადასტურდება, ესაა პასუხი ყველა კითხვაზე". – განაცხადა მან ტელეკომპანია "იმედთან".

მისივე თქმით, ოპონენტებს მოლოდინები არ გაუმართლდათ და აშენებული ხუხულა დაენგრათ:

არ ვიცი, ვის რა მოლოდინები ჰქონდა, მოლოდინი შეიძლება ისეთიც იყო, რომ ჩვენ ყველანი სახლებში წავიდოდით ხვალ, ასეთი მოლოდინიც კი გამიგია. ჩვენი ოპონენტები მაგალითად იმაზეც ნერვიულობენ, რომ საერთოდ მოვედით ხელისუფლებაში, იმასაც ნერვიულობენ, რომ საერთოდ ვართ ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ სწორედ ამ ცვლილებებით სერიოზულად გამოეცვალა მათ კრიტიკას საფუძველი უცხოეთში, რაზეც მათ წლები და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო თითქოს სადღაც სხვაგან მიდის, განსაკუთრებით ალასანიას და მისი გუნდის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და ახლა მთელი ეს აშენებული ხუხულა დაენგრათ. რა თქმა უნდა, ისინი ნერვიულობენ და თვლიან, რომ ეს არ არის სწორი და ადექვატური, რადგან თავად მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ნერვიულობენ და გვეუბნებიან, რომ ეს არის არაადექვატური,  ამას ამბობენ ისინი, ვინც თვლის, რომ კოალიცია უნდა დაიშალოს და არ არის იქ რესპუბლიკელების ან ფორუმელების ადგილი. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ აღებული  დემოკრატიული კურსი." – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად