დავით უსუფაშვილი: არცერთი უმაღლესი არ იძლევა დიპლომს, სადაც წერია “პარლამენტარი”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დავით საგანელიძეს იმის შესახებ თუ ვინ უნდა იყოს პარლამენტში, უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე მუშაობის დროს უნდა ესაუბრა. 

"მე ერთის მხრივ ვადასტურებ, ბატონი საგანელიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარლამენტში ყველა ვერ იქნება. ამას ადასტურებს თავად არითმეტიკა. საქართველოში 3 მილიონზე მეტი ადამიანია და პარლამენტის წევრთა რაოდენობა სულ 150. რაც შეეხება იმას, ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვის აღარ უნდა, ამაზე საგანელიძეს მაშინ უნდა ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო, ამაზე ახლა მარტივია საუბარი." – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

"როდესაც ვისაუბრე ამ თემაზე, მე ის კი არ მითქვამს, რომ ვიღაც მეტია ამ პარლამენტში, არამედ ვთქვი, რომ ვიღაც ნაკლებია ამ პარლამენტში და მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპრუდენციის, ფინანსების, ეკონომიკის დარგებში, იმიტომ რომ ჩვენი კანნშემოქმედების 80 90 პროცენტი ამ სფეროებს უკავშირდება. ამასთანავე მე განვმარტე, რომ საქართველოს არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იძლევა დიპლომს, რომელშიც წერია "პარლამენტარი" სპეციალობით. ასეთ დიპლომს არ იძლევა არცერთი უცხოური უნივერსიტეტი. ამიტომ მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, პარლამენტში მოსვლის შემდეგ ვინ რას ვაკეთებთ. თუ ვიყავი მწერალი და მაგიდა სავსე მქონდა ლიტერატურული გამოცემებით, პარლამენტში მოსვლის შემდეგ, მინიმუმ ნახევარი მაგიდა უნდა გავათავისუფლო და დავდო კონსტიტუცია და რეგლამენტი და ჩავერთო საპარლამენტო საქმიანობაში",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ცნობისათვის, როგორც დავით საგანელიძემ "კვირის პალიტრას" განუცხადა, ზოგიერთი პარლამენტარი პარლამენტში არც უნდა იყოს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად