დავით უსუფაშვილი: არ მინდა მთავრობაში პრორუსული პოლიტიკის გამტარებლები ვიხილო

„მე არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიხილავ ანტიევროპელ და პრორუს მინისტრებს საქართველოს მთავრობაში",-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას ფიქრობს ხელისუფლებაში პრორუსი პოლიტიკოსების არსებობის შესახებ. 

მისი აზრით, ეს არ არის სასურველი და მომავალი არჩევნების შემდეგ იგი არ ელოდება საქართველოს მთავრობაში პრორუსი პოლიტიკოსების გამოჩენას, რადგან ხელისუფლებას პარლამენტი აკომპლექტებს და დარწმუნებულია, რომ პარლმენტში უმრავლესობას პროდასავლური, პროევროპული ვექტორის მქონე ძალები მოიპოვებენ.

"მე არ მინდა, საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ. არ მინდა, ეს ოდესმე ვიხილო, თუმცა, ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით, მე მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას, როდესაც მხოლოდ პრორუსული პოლიტიკოსები მართავდნენ ამ ქვეყანას, ანუ კომუნისტები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეპოქა აღარ დაბრუნდება საქართველოში, ამისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმაც, საზოგადოებამაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით, ამას უნდა მივაღწიოთ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებით, ამას უნდა მივაღწიოთ პროევროპულმა, დასავლურმა ძალებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით, და არა – ძალისმიერი მეთოდებით, იმიტომ, რომ ის, რაც დაუშვებელია, აკრძალულია კანონით.

ვინც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მას აქვს უფლება თავისი მოსაზრებები და პოზიციები გააცნოს ამომრჩეველს ან შეეხმიანოს ამომრჩევლის განწყობებს. როდესაც ჩვენ პრორუსულ, პროქართულ თუ პროევროპულ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხალხს – ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ლიდერებს მხარს უჭერენ. იმიტომ, რომ აქ ჩვენ ერთ და ორ ადამიანზე არ ვსაუბრობთ. არ უნდა გამოვიდეს ისე, რომ საზოგადოების ნაწილი დამნაშავედ გამოვაცხადოთ იმიტომ, რომ რაღაც საკითხში განსხვავებულ აზრზეა. დამნაშავედ ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი.“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ მომავალ პარლამენტში შეიძლება ვიხილოთ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პოლიტიკოსებიც, და თუ საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი ასე ფიქრობს და ამ ტიპის პოლიტიკოსებს მხარს უჭერს, ამაში ტრაგედია არ უნდა დავინახოთ და ამასთან ხმლით ბრძოლა არ იქნება სწორი.

„კიდევ ვიმეორებ, მე არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიხილავ ანტიევროპელ და პრორუს მინისტრებს საქართველოს მთავრობაში. მე არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, ვიხილავ თუ ვერ ვიხილავ ასეთ პარლამენტის წევრებს პარლამენტში. იმიტომ, რომ მთავრობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობა იქნება ისეთი ხალხი, და ისეთი პარტიები (მიუხედავად ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვთ ერთპარტიულ უმრავლესობასა თუ სხვაზე), – იქნება პროდასავლური უმრავლესობა და შექმნის ასეთივე მთავრობას. მაგრამ პარლამენტში 150 ადგილია და მე არ გამოვრიცხავ, რომ 150 ადგილიდან რამდენიმე ადგილი მიიღოს იმ ხალხმაც, ვინც რაღაც სხვა საკითხზე სხვა მიმართულებას უჭერს მხარს. მე ამას კატასტროფად არ დავინახავდი. სასურველ მოვლენად არ ვთვლი, მაგრამ ამასთან ხმლით ბრძოლა არ იქნება სწორი.“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად