დავით უსუფაშვილი: 105 + არ არის ლევან გოგიჩაიშვილი

„105+ არ არის გოგიჩაიშვილი. მე გუშინდელ გამარჯვებას ვულოცავ ყველას 105-ს ზევით სიმძიმეების აწევაში, ძალოსნობაში. წონა გაიზომება 8 ოქტომბერს. 8 ოქტომბერს იქნება სასწორი და იქ დაიდება ყველა და ყველაფერი-მეც, ლევანიც, სხვებიც“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საბურთალოზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატად ლევან გოგიჩაიშვილის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. 

უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ის ლევან გოგიჩაიშვილს „ცოტა ჯობია“, თუმცა, საბურთალოელი ამომრჩევლების გადასაწყვეტია პარლამენტში ვინ მოხვდება – გოგიჩაიშვილი თუ უსუფაშვილი.

„ლევანს ვიცნობ ძალიან ბევრი წელია. ძალიან აქტიური ახალგაზრდა იყო, ახლა უკვე აღარც ისაა მთლად ახალგაზრდა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ასე. მე ვიღებ ამ რეალობას, მე ვიღებ ამ ვითარებას და საბურთალოელებს ვპირდები, რომ ვიქნები ჩართული ამ კამპანიაში და ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია, კონკრეტულად დავით უსუფაშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში თუ კონკრეტულად ლევან გოგიჩაიშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში. სადაც მიგვიჩენს ადგილს საბურთალოელი ამომრჩეველი, აი, იქიდან გავაგრძელებთ შემდგომ ურთიერთობას. მე რა მგონია?

მე ჩემს თავს ვთავაზობ საბურთალოელებს, იმიტომ, რომ თუ რამე ვიცი, ვიცი სწორედ ამ ტიპის საქმე, პარლამენტში ყოფნით შემიძლია სარგებლის მოტანა, სხვებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ამ არჩევნებზე არ უნდა დავიყვანოთ არჩევნები ასე – კეთილებსა და ბოროტებს შორის ბრძოლაზე, ან მტრებსა და გმირებს შორის ბრძოლაზე, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იქნება წარდგენილი ოლქში, იმ კარგებს შორის უკეთესი უნდა გამოვარჩიოთ, ცოტათი უკეთესი. მგონია, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...