დავით ჭიჭინაძე: საარჩევნოდ კობახიძეს გადააყენებენ და პარტიის თავმჯდომარედ ღარიბაშვილს მოიყვანენ

პარტია “ტრიბუნას” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ირაკლი კობახიძეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეობიდან გადააყენებს და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევენ.

 

“მოდით პირდაპირ ვთქვათ, ირაკლი კობახიძე ელაპარაკებოდა არა ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა თავის ერთგულებას. თუ გახსოვთ, რაღაც  პერიოდი გახარია არ იძახდა, რომ მან გასცა  ბრძანებდა და იძახდა, რომ ის იღებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.

სხვათა შორის იქ ვიყავი, მე-3 სართულზე სხდომათა დარბაზთან, იქ ერთი კიბეა ასასვლელი, ზემოთ იყო ბახტაძესთან ერთად გახარია. იქ იყვნენ მისი დაცვის წევრები, პრემიერის დაცვის წევრები და ჟურნალისტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც არ უშვებდნენ მათთან და ამ დროს გაისმა ქვემოთ სროლა.

იქ ვიყავით ყველა, ვიდექი ფანჯარასთან, პირველი გასროლა რომ მოხდა გადავიხედე და ის კვამლი თვალებში… პირველი დამწვრობა, უსიამოვნო… და ვიძახდი რომ ფანჯრები მივკეტოთ, იმიტომ რომ მანამდე ფანჯრებიდან ვუყურებდით, შიდა ეზოში…  განსაკუთრებით თეთრ პერანგში გამოწყობილი ჩუბინიძე აქტიურობდა…

გახარია იყო ზემოთ, მეორე სართულზე, პირდაპირ გეუბნებით, ჩემი ყურით მაქვს გაგონილი, სხვის მოყოლილს არ ვიძახი.

კობახიძემ ნამდვილად არ იცის, იმიტომ რომ იმ წუთებში ბაქოში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, სხვის მოყოლილს თუ გვიყვება და მერე მან შეაფასა და საიდან შეაფასა, რომ გახარიამ ეს დანაშაული ჩაიდინა? გამოძიება თუ იყო დაწყებული, ხომ იძახიან ჩვენება მივეციო, სად არის მასალები, რაზე დაყრდნობით საუბრობენ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ კობახიძე ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა ერთგულებას, იქიდან გამომდინარე, რომ  საკმაოდ ბევრი ხმა ვრცელდება იმაზე, რომ საარჩევნოდ კობახიძეს გადააყენებენ და მოიყვანენ ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ, იმიტომ რომ კობახიძეს პარტიაში არ აქვს რეიტინგი და პარტიას სჭირდება მხარდაჭერა.

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის გაცილებით ყურმოჭრილი მონაა, ვიდრე სხვა და მისგან არაფერი ხიფათი არ ელოდება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მთავარ არხთან”.

კომენტარები
იტვირთება...