დავით ჭიჭინაძე: …არასოდეს ვიბრძოლებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.

“ადამიანები არასოდეს გამოვლენ ქუჩაში ხაზარაძის მილიონების დასაცავად! აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა ბოლო დროს პროტესტანტების რაოდნობა ქუჩაში. ანუ, დღეს, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა,
უმუშევრობა კი, პირველ რიგში ბანკირების და მათი არაპროფილური საქმიანობის გამოა, სულ ტყუილა აქვს ვინმეს იმის ილუზია, რომ ბევრი ხალხი იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოვა, რომლის მთავარი აქტორები ბანკირები გახდნენ და პროტესტი შედეგიანი იქნება.
კრედიტები ძვირია, ხალხს შია, კომუნალურებს ვერ იხდიან, წამლებს ვერ ყიდულობენ, ვალებში იხრჩობიან და ვისაც მართლა უნდა ქვეყანას უშველოს, სწორედ ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკოს, ამ ბრძოლის მოწილეობა უნდა შესთავაზო მხარდამჭერებს! და არა მამუკა ხაზარაძე ლიდერად, ადამიანი რომელიც პროკურატურის პირდაპირი სადამსჯელო სტრუქტურა იყო წინა ხელისუფლების დროს. ( თან ყველამ იცის, რომ ის ისე გამდიდრდა „ნაციონალების“ დრო, როგორც სხვა არავინ.

„ნაციონალები“ რომ მოვიდნენ მისი ბანკის კაპიტალი 22 მილიონი ჰქონდა, 2012 წელს უკვე 625 მილიონი – და ეს მარტო საბანკო სფერო, აღარაფერს ვამბმობ არაპროფილურ საქმიანობებზე. )

შესაბამისად, ეს ვითომ ოპოზიციური ერთობაც ნამდვილად არ არის ისეთი ოპოზიციის ერთიანობა, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, რადგან ოპოზიციის არც თუ პატარა ნაწილს, ვინც რეალურად შეარყია „ოცნების“ საძირკველი, ვინც პირველმა დაიწყო ამ სიბოროტესთან ბრძოლა, აი ასე მარტივად გამოუცხადეს, ჩვენ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და თქვენ გზაში დაგვეწიეთო.
და თან სწორედ იმათმა, ვინც არცერთი ხელისუფლების დროს არ გამოსულა კომფორტის ზონიდან, არასოდეს უფიქრია რამის დათმობაზე ხალხის გამო. და ახლაც ისე დაასრულეს ბოიკოტი, მგონი დატოვეს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი გაღიმებული…

მოკლედ, 50 დღეა ამ თრმაზე სიტყვა არ დამიძრავს.

თუნდაც იმიტომ, რომ ვიყავი იმ ბრძოლის სოლიდარული, რომ სააკაშვილს ადამიანური სამკურნალო პირიბები ჰქონოდა;
ვიყავი ქალბატონი ელენეს ღირსეული პროტესტი სოლიდარული; ახლაც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლება მისცენ, რაც კანონით ეკუთვნის. თუმცა არასოდეს ვიბრძოლებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.
მაგრამ სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, სანამ მართლა იდეისთვის საბრძოლველად არ დავუძახებთ ადამიანებს და არა სახელების და გვარებისთვის, მანამდე მოგვიწევს აი ამ ბოროტი და უგუნური ხელისუფლების ატანა, ვისაც ერთადერთი რაც შეუძლია ეს ქვეყნის სიძულვილით და დაშინებით მართვაა.

არადა წინ დიდი და ცივი ზამთარია და 2022, დიდი გამოწვევების წელი…” -წერს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები
იტვირთება...