დავით სონღულაშვილი საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, სიღნაღში არსებული საწარმოების მუშაობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მაიკე ვან კოლდამთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოდბეში თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის, კერძოდ ჰოლშტეინის ჯიშის მერძეული ფერმის მუშაობას გაეცნენ.

ფერმა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ნიდერლანდურ-ქართული ინვესტიციით შექმნილი კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად პირველი კატეგორიის 10 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება ჩვენი რეგიონის საწარმოებისთვის, ზოგადად მათი განვითარებისა და წარმადობის გაზრდისთვის. ამ ჭრილში კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი დიდია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ უფრო გაიზრდება და მომავალში, ერთობლივი პროექტების განხორციელებით შემოიფარგლება,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ „თეთრი ფერმა“ უდანაკარგო წარმოებით მუშაობს და ამ ეტაპზე 35 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. მას ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც იღებს ვალდებულებას, რომ თვეში ერთხელ დაინტერესებულ ფერმერებს გაუზიარონ გამოცდილება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებულ ღვინისა და ყველის საწარმო შპს „ბუტრანას“, კომბინირებული საკვების საწარმო „ტაოფუდსა“ და მეცხოველეობის სანაშენე ცენტრ „კავკასიის გენეტიკას“ ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მათი წარმოების პროცესს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...