დავით სონღულაშვილი რთველი 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო

ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილი რთველი 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო. მან გურჯაანში და სოფელ ჭანდარში არსებული ღვინის ქარხნები მოინახულა და მათი მზადყოფნა შეამოწმა.

პირველი შეხვედრა დავით სონღულაშვილმა ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში გამართა, ქარხანა დაათვალიერა. ჭანდრის ღვინის ქარხანა მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს და მოსახლეობისაგან მაქსიმალურად მეტი ყურძენი ჩაიბაროს. დავით სონღულაშვილს ქარხნის დირექტორმა გია ზაკალაშვილმა, ქარხანაში არსებული სიტუაცია პირადად გააცნო.

„ჩვენი ქარხანა 100%-ით მზადაა რთველი 2016-სთვის. ჩვენ მაქსიმალურად მეტ ყურძენს მივიღებთ მოსახლეობისაგან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რთველმა მთლიანობაში კარგად ჩაიაროს. ვაპირებთ 10-15 ათასი ტონა თეთრი ყურძნის და 500-1000 ტონა შავი ყურძნის მიღებას“ – განაცხადა ქარხნის დირექტორმა გია ზაკალაშვილმა.

მეორე შეხვედრა კოტეხში მდებარე შპს „ძმები დუგლაძეების ღვინის ქარხანაში“ გამართა. შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილიც ესწრებოდა, ქარხნის ერთ-ერთი მეპატრონესთან დავით დუგლაძესთან ერთად. მათ მომუშავე პერსონალს რთველის სეზონის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, შემდეგ კი ყურძნის დაწურვის პროცედურაშიც მიიღეს მონაწილეობა. კოტეხის ღვინის ქარხანას წლევანდელი სეზონისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რთველი 2016-სთვის 100%-ით მზადაა. ხელმძღვანელობის თქმით, ქარხანა მოსახლეობისაგან მაქსიმალური რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებს.

„ჩვენი ქარხანა მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს და მოსახლეობისაგან მაქსიმალურად მეტი ყურძენი ჩაიბაროს. ქარხანა მობილიზებულია ფორსმაჟორულ სიტუაციაში სამუშაოდ. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესებმა სტაბილურად ჩაიაროს“- განაცხადა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ტუშურმა.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2016 ყველაზე კარგად ორგანიზებულია, გასულ წლებთან შედარებით. მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ, რათა მოსახლეობისაგან რაც შეიძლება მეტი ყურძენი ჩაიბარონ და რთველიც წარმატებულად დასრულდეს. აგრეთვე გურჯაანის შტაბში განთავსებული იქნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მყისიერ რეაგირებას მოახდენენ ნებისმიერ შეტყობინებაზე. მათ მჭიდრო კონტაქტი ექნებათ რთველი 2016-ის ცენტრალურ შტაბთანაც, ისინი ერთობლივად იმუშავებენ რთველის პროცესის წარმატებით ჩატარებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად