დავით სონღულაშვილი – ეკონომიკის განვითარება ენერგეტიკული პოტენციალის ზრდას მოყვება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფელ ვეჯინში მდებარე ალაზანჰესს ესტუმრა. დეპუტატობის კანდიდატი ჰესის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ვეჯინში მდებარე ჰიდროელექტრო სადგური „ალაზანჰესი 1“ 1954 წლიდან ფუნქციობს და 6 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 7 წლის წინ „ალაზანჰეს 1“-ზე რეკონსტრუქცია განხორციელდა, რითიც ჰესი მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჰესი კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია.

კომპანიამ 2 წლის წინ კიდევ ერთი ჰესი – „ალაზანჰესი 2“ ააშენა, რომელიც ასევე 6 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. წარმოებული ელექტროენერგია ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში ნაწილდება, ხოლო ნაწილი სოფელ ვეჯინის მოსახლეობას მიეწოდება.

"გურჯაანის რაიონისთვის „ალაზანჰესები“ დიდი მნიშვნელობის მქონეა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ასე წარმატებით ახორციელებს საქმიანობას.

ეკონომიკის განვითარებას მძლავრი ენერგეტიკული ბაზისი ჭირდება. მცირე და საშუალო ჰესები როგორც ენერგეტიკული, ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენთვის.

დარწმუნებული ვარ, რეაბილიტირებული ჰესები გამართულად მოემსახურება ქვეყნისა და რაიონის ეკონომიკურ ძლიერებას,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ამჟამად, კომპანიაში 43 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივია. კომპანია უახლოეს პერიოდში, ენერგეტიკის მიმართულებით სხვადასხვა ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად