დავით სერგეენკო: ყველანი ვაცნობიერებთ, მსოფლიო პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა.

როგორც კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, დღეს, მთავარი საკითხია პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა“.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ბიზნესს ასოციაციებთან, შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში წარიმართა. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევის წინაში დგას დღეს ქვეყანა მსოფლიო პანდემიის პირობებში. დაისვა საკითხები სხვადსხვა მიმართულებით და ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. დღეს ჩვენს წინაშე დგას მთავარი საკითხი, ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც არის პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

პრეზედენტის, გიორგი პერტაიას შეფასებით, შეხვედრა მხარეებისთვის იყო საკმაოდ ინფორმაციული და სასარგებლო.

„ერთის მხრივ კერძო სექტორმა დააფიქსირა თავისი მოსაზრებები, მაგალითად დამატებითი რეგულაციების შემოღების თაობაზე შრომის კანონმდებლობაში, ასევე პანდემიით გამოწვეული საჭიროებების კუთხით, ხოლო ბატონმა დავით სერგეენკომ გაუზიარა თავისი მოსაზრებები ბიზნესს, თუ როგორ გეგმავს მათთან ამ საკითხებზე თანამშრომლობას გამარჯვების შემთხვევაში. ვფიქრობ, ბიზნესმა დაინახა ბატონი დავითი, როგორც პოტენციური მოკავშირე პარლამენტში, რომელიც წარმატების შემთხვევაში მხარს დაუჭერს ბიზნესისათვის და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისათვის სასარგებლო კანონმდებლობის შემუშავებას”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს როგორიცაა, ადგილობრივი ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანდაცვის ეკონომიკის არსებული პოზიცია და განვითარების პერსპექტივები, მსოფლიო პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის გამოწვევები, ასევე ტურიზმის სექტორში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის შესაძლებლობები, ევრო დირექტივების იმპლემენტაციის პროცესი და ბიზნესის გამოწვევები, შრომის უსაფრთხოება, როგორ ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება, სამედიცინო ტურიზმის პრიორიტეტულ მიმართულებად ქცევა, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოსტპანდემიის პირობებში ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევების დაძლევის გზების მოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად