დავით საყვარელიძე: კორბანი იტყუება, სასტუმროს ფული კობა ნაყოფიამ გადაიხადა

უკრაინის პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე უარყოფს დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის მოადგილე გენადი კორბანის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  თითქოს დნეპროპეტროვსკის სასტუმროში ცხოვრების და კვების ფული არ გადაიხადა. 

"მე დავიბადე მრავალეროვან საქართველოში. ამიტომაც კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ ებრაელ ხალხს. მათთან ერთად გავიზარდე, ვმეგობრობდი და ამ დრომდე ვინარჩუნებ მათთან კარგ ურთიერთობას. ვაფასებ მათ ტრადიციებს და ფასეულობებს. 

არ ვაპირებდი და არ მიფიქრია პასუხი გამეცა ეჭვმიტანილი კორბანის დღევანდელი სასაცილო გამოხტომებისთვის. 

კავკასიური და ებრაული ტრადიციებით, სტუმარი წმინდაა, სტუმარი ღვთისაა. 

საქართველოში ცხოვრების პერიოდში არცერთი ქართველი და არცერთი ქართველი ებრაელი საკუთარ ქალაში არ აიძულებდა სტუმარს რამეში გადაეხადა ფული, მაგრამ კორბანი, როგორც მამაკაცი და წარსულში „მამაცი“ რეიდერი, გადაწყვიტა შეხებოდა ჩემთვის წმინდა თემას – სტუმართმოყვარეობას. მინდა არა როგორც პროკურორმა-პოლიტიკოსმა მოგიყვეთ საინტერესო და სასაცილო ისტორია. 

2014 წლის 14 მაისს, მეგობრებთან და ჩემს მომხრეებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან გიორგი ვაშაძესთან, კობა ნაყოფიასთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან უკრაინაში გრიგოლ ქათამაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩამოვედით დნეპროპეტროვსკში, იმისთვის რომ მხარი დაგვეჭირა იმ მამაცი ადამიანებისთვის, რომლებიც იცავდნენ, აძლიერებდნენ და მხარს უჭერდნენ უკრაინის მთლიანობას. 

იმ პერიოდისთვის დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორი იყო იგორ კოლომოისკი. შეთანხმებული იყო ჩვენი შეხვედრა გუბერნატორთან, თუმცა როცა მივედით ის ადგილზე არ დაგვხვდა. ჩვენ შეგვხდა მისი მოადგილე და ადგილობრივი რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, რომლებმაც შემოგვთავაზეს ერთი დღე დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით კოლომოისკის დაბრუნებას. მიგვიყვანეს სასტუმროში და შემოგვთავაზეს ერთად გვესადილა. 

სადილის შემდეგ, ჩვენ წავედით ბლოკპოსტზე, ვესაუბრეთ მოხალისეებს, შევხვდით მასმედიას და დნეპროპეტროვსკის საზოგადოების წარმომადგენლებს. 

ამის შემდეგ, გუბარნატორის მოადგილემ, გენადი კორბანმა და მისმა თანამოაზრეებმა დაგვპატიჟეს ვახშამზე იმავე სასტუმროში. მეორე დღეს, შევხვდით კოლომოისკის და ქართული დელეგაცია კიევში დაბრუნდა. 

რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიხადეთ სასტუმროს ხარჯები. როგორც ყველა ქართველისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენმა მეგობარმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა კობა ნაყოფიამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო სასტუმროს ხარჯები. თუმცა, დღემდე ვერ ვივიწყებ კობა ნაყოფიას გაოცებულ სახეს, როცა სასტუმროს მისაღებში წარმოგვიდგინეს სასტუმროში ჩვენი განსახლებისა და ჩემს მიერ ხსენებული სადილისა და ვახშამის ხარჯები, რომელზეც გუბერნატორის მოადგილე კორბანმა დაგვპატიჟა. 

ამ შემთხვევაზე დიდხანს ვიცინოდით და ამ კურიოზის მტკიცებულებისთვის გადავწყვიტეთ შეგვენახა ის ჩეკი, როგორც სიმბოლო კოლომოისკის გუნდის „სტუმართმოყვარეობისა“. ალბათ, გენადი კორბანი მიჩვეულია სტუმრებს გადაახდევინოს მისი პირადი სადილის და ვახშამის ფული, ისევე როგორც მიჩვეულია არ გადაიხადოს გადასახადები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოში კი კოლომოისკის და მის პარტნიორებს ოდესღაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 80 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწიათ. 

მე ახლახან დავურეკე ჩემს მეგობარს, კობა ნაყოფიას და ვთხოვე გამოეგზავნა ის გადახდის ქვითარი, რომელსაც მე ძალიან მალე გავასაჯაროვებ და გავუგზავნი ეჭვმიტანილ კორბანს. აქვე ვაცხადებ, თანახმა ვარ გადავიხადო იმ თითოეული ლიტრი ბენზინის ფული, რომელიც „სტუმართმოყვარე“ მასპინძლებმა დახარჯეს ჩვენი იმ დროინელი ვიზიტის დროს", – წერს საყვარელიძე facebook-ში. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გამოცემა "ნოვოე ვრემია" გენადი კორბანთან ვრცელ ინტერვიუს ხვალ გამოაქვეყენებს.

კორბანი: დავით საყვარელიძემ სასტუმროს და რესტორნის ხარჯები არ გადაიხადა

 

 

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...