დავით საგანელიძე: საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს

„საპარტნიორო ფონდმა“ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის, „სტარტაპ საქართველოსა“ და „ საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC) პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.

საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის“, როგორც სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების გააქტიურების მიზნით „საპარტნიორო ფონდი“ ბათუმში შეხვედრებს მართავს.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აუდიტორიას სიტყვით „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით
საგანელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს. სტუდენტებთან ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესის განვითარების შესახებ პრეზენტაცია „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ გამართა.

დავით საგანელიძემ სტუდენტებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე, მათი იმპლემენტაციის მექანიზმებზე, ასევე, ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლზე გაამახვილა ყურადღება.

“მე მოხარული ვარ, რომ საპარტნიორო ფონდი ახორციელებს “სტარტაპ საქართველოს” პროგრამას და ამ პროექტის ფარგლებში თითოეულ თქვენგანს შეუძლია იყოს გლობალური პროგრესის ნაწილი, იყოს ინოვაციების,
ტექნოლოგიების შემქმნელი და შემოქმედი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ეკონომიკის ხელშეწყობა და ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ჩართული და სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნას ყველა ის ინსტრუმენტი და პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეების რეალიზებაში“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმში ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდა და ის მზა საინვესტიციო პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონის განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ბიზნესმენებს სიტყვით მიმართეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ. ფონდის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია შეხვედრის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ მიაწოდა.

დავით საგანელიძე ადგილობრივ ბიზნესმენებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებზე ესაუბრა. „საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს, აჭარაში მხოლოდ ტურისტული შესაძლებლობები არ უნდა განვიხილოთ. ეს რეგიონი ინვესტორებისთვის სხვადასხვა წარმოების განვითარებისთვის არის საინტერესო, მათ შორის მეთევზეობის, ციტრუსის დამამუშავებელი, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და სხვა. დღეს ჩვენ ჩამოვედით კვლევებზე დაფუძნებული მზა პროექტებით, რომელსაც ბიზნესს ვთავაზობთ“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები და კონკრეტული პროექტები ბიზნეს სექტორს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ (GIRDC ) დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა და კომპანიის მენეჯმენტმა გააცნო.

საუბარი ეხება, აჭარაში რამდენიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხს. კერძოდ, აკვაკულტურისა და მეთევზეობის განვითარებას, მიდიების წარმოებას, ხილის დამამუშავებელი კომპლექსური წარმოების ხელშეწყობას, აჭარის მაღალმთიან რაიონებში რძის შეგროვებისა და გადამამუშავებელი საწარმოს, ასევე, სამშენებლო მასალების ქარხნის მშენებლობის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...