დავით ყოლბაია ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი მფლობელი გახდა

31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გამოვლინდა.

პრემია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ყოლბაიას მიენიჭა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი:
„დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე, მისი თაოსნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს აღვნიშნავთ.
2019 წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საქართველოს მთავრობამ დააწესა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის. პრემია, რომელიც ყოველწლიურად სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაიცემა, მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, კულტურის, ხელოვნების მიმართულებებით.
ვულოცავთ ბატონ დავითს და მადლობას ვუხდით იმ შრომისათვის, რასაც იგი ქართველოლოგიის განვითარებისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი რეპუტაციის განმტკიცებისათვის ეწევა.“

2019 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაწესდა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია
ქართველოლოგიის განვითარებისთვის
უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის, რომელიც ყოველწლიურად სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 31 მარტს გაიცემა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-მა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ჩაატარა, რომლის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

საკონკურსო კომისიის წევრები საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწე ცნობილი მეცნიერები იყვნენ.

გამარჯვებულს გადაეცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად