დავით ქაშიაშვილი: გამოძიებისთვის დამატებით არც ერთი დეტალი არ მითქვამს – წყარო არის საგამოძიებო უწყებიდან და სანდოა

“დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს. ვისარგებლე პროფესიული, ალბათ, უფრო ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა”, – ამის შესახებ “შაბათის ფორმულას” წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან, მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს და გამოძიებას მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

“წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. კითხვა საერთოდ არ დასმულა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო, დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. წყაროს მოწოდებული მთელი რიგი საკითხები ეთერში არ ვთქვით”, – განაცხადა “შაბათის ფორმულას” წამყვანმა.

შეგახსენებთ, “შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სიუჟეტის გამო იყო დაბარებული.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, გაუჩინარებულ თამარ ბაჩალიაშვილს პოლიციამდე ორი ახალგაზრდა კაცი ეძებდა, რომლებიც ოჯახის ახლობლებლად გაეცნენ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ პირები არ არიან ოჯახის ახლობლები.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ის 2 პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად