დავით ნარმანია: შემოდგომაზე 300 000 -ზე მეტი ხე დაირგვება

ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში ცაიშის ქუჩის ბოლოს, მახათას მთის ფერდობზე, 60 წიწოვანი ხე დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და მოსახლეობამ მიიღეს.

“გამწვანების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გამოვაცხადეთ, მოგვმართა მოსახლეობამ და დავაკმაყოფილეთ ისინი, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს ამ უბანში, სადაც არის ცარიელი სივრცე.

ისინი მოუვლიან ამ ხეებს, რადგან მათ უბანში დაირგო და მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა. როცა ერთად ვრგავთ, ვაკეთებთ ქალაქისთვის სასიკეთო საქმეს და რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება. ამიტომ ეს არის სამაგალითო და სამაგალითო უნდა გახდეს სხვებისთვისაც.

ათივე რაიონში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, 35 000 ნერგი ირგვება უშუალოდ გამგეობების მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება ჩვენი გამწვანების სამსახურის ფარგლებში მიმდინარე გამწვანების პროცესს, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში და ჯამში, ამ შემოდგომაზე, 300 000 -ზე მეტი ხე დაირგვება”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო რგვებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მერიისგან 3000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგს მიიღებს და მოსახლეობასთან ერთად დარგავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად