დავით ნარმანია: მჯერა, ზაარბრიუკენთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ვიზიტით მყოფი დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები „თბილისობა 2016“-ის ღონისძიებებს ესწრებიან. თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას ზაარბრიუკენის მერთან, შარლოტე ბრიცთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციის პარალელურად ზაარბრიუკენი-თბილისი-ნანტის სამმხრივი დაძმობილების აღსანიშნავად ერთობლივი გამოფენა „ფოტომარათონი 2016“ გაიმართა.

„თბილისობის დღესასწაულზე სტუმრად გვყავს ზაარბრიუკენის მერი. ზაარბრიუკენთან, როგორც დაძმობილებულ ქალაქთან, ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის აღსანიშნავად გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტაციაზეც დღეს ვიმყოფებით. სახელმძღვანელო მოიცავს ქალაქებს შორის 40-წლიანი თანამშრომლობის ისტორიას, პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც თბილისმა და ზაარბრიუკენმა ერთობლივად განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება და კიდევ არაერთი ურთიერთსასარგებლო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“- განაცხადა თბილისის მერმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი წიგნი „ზაარბრიუკენი-თბილისი 40„ თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების ისტორიას ეძღვნება. გასულ წელს ორი ქალაქის დაძმობილებიდან 40 წელი შესრულდა. ქალაქების დამეგობრების იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი ალექსანდრე კარტოზიას ავტორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, წიგნის ავტორი ალექსანდრე კარტოზია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, გოეთესა და ფრანგული ინსტიტუტების თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად