დავით ნარმანია: ერთი წლის შემდეგ თბილისი პირველი მომავლის ქალაქი იქნება რეგიონში

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ხორციელდება.

კონგრესს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძებაზე, განსაკუთრებული ყურადღება, თვითმმართველობათა განვითარების პროცესში ევროკავშირის როლზე და პერსპექტივებზე გამახვილდა, რომელსაც ევროკავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ფინანსური და ინსტიტუციური განვითარების მხრივ ანიჭებს.

კონგრესზე, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, თბილისისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის იგეგმება.

თბილისის მერმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ქალაქად გარდაქმნაზე. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“მდგრადი საქალაქო ენერგეტიკის თაობაზე, ევროპულ ქალაქთა მერების კოვენანტის შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შეთანხმების მონაწილე სხვა ქალაქების მსგავსად, 2020 წლისთვის 20%-ით შევამციროთ ქალაქში სათბური აირის გაფრქვევა. კოვენანტის ფარგლებში, ამჟამად, ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა ხორციელდება. ასევე, ვგეგმავთ, ავტოტრანსპორტის პარკის განახლებას ეკოლოგიური მუნიციპალური ტრანსპორტით”, – აცხადებს დავით ნარმანია.

თბილისის მერის თქმით, პირველი რიგის ამოცანებია კეთილმოწყობილი გზები, გამართული კომუნიკაციები, ხარისხიანი ურგენტული სამედიცინო დახმარება, მავნე გარემოს ზემოქმედების შემცირება, სისუფთავე და წესრიგი. მისივე თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. თავის გამოსვლაში, დავით ნარმანიამ, განსაკუთრებული ყურადღება, პროექტ – თბილისი-მომავლის ქალაქზე გაამახვილა.

“თბილისი საერთაშორისო პროექტ Morgenstadt City Challange-ში ჩაერთვება. მომავლის ქალაქი – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც თბილისი, გერმანულ მხარესთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისის ახალი ურბანული განვითარების პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი მომავლის ქალაქი იქნება რეგიონში”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები – დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...