დავით მუჯირი: კერძო სექტორის მხარდაჭერით ქართული ფეხბურთი უფრო სწრაფად განვითარდება

"ახლა უკვე მთლიანად სპორტულ სამყაროზეა დამოკიდებული რამდენად გამოიყენებს ამ შანს. დღეს ისე, როგორც არასდროს ქართულ ფეხბურთს განვითარების შანსი აქვს. გრძელვადიანი პროექტი დამტკიცდა, სტაბილურიბის განცდა ექნებათ კლუბებს, ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს", – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა "აიპრესთან" საუბრისას.

"იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება, მოიწონა ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა და მხარი დაუჭირა, ეს არის პირველი ნაბიჯები ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის, თუმცა კერძო სექტორის მხარდაჭერით, ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფი იქნება და უფრო სწაფად აისახება ფეხბურთის საერთო სურათზე.

ჩვენ კლუბებს ყველა კომპონენტში, მენეჯერის განვითარების, სამწვრთნელო კურსებსაც ხელშეწყობას გავუკეთებთ. ზოგადად საფეხბურთო სპეციფიკის განათლების თვალსაზრისით რაც კი იქნება, ყველაფერს მხარს დავუჭერთ. კლუბები თავად იქნებიან დაინტერესებულები, რაც შეიძლება უკეთესი მენეჯერები ყავდეთ, უკეთესი სპეციალისტები ყავდეთ, რომლებიც მოახერხებენ ფინანსური სტიმულირების კალათასაც აითვისებენ და ის თანხა, რომელიც მათ გარანტირებული აქვთ, უკეთ აითვისებენ.

პაექრობამ გადაინაცვლა სპორტულ მოედანზე. ყველა გუნდი თანაბარ პირობებში იქნება და დამოკიდებული იქნება, თუ როგორ მოახერხებს უკეთესი მენეჯმენტის წარმართვას", – განაცხადა დავით მუჯირმა.

ცნობისთვის, გუშინ, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი გეგმა წარადგინა. პრეზენტაციას საფეხბურთო კლუბების დირექტორები, ვეტერანი ფეხბურთელები, ბიზნესმენები და საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარების ფონდი დაამტკიცა და მათ 5 წლის განმავლობაში 265 მილიონ 700 ათასი ლარი გამოუყო.
სახელმწიფო პროგრამის მიზნები და ამოცანებია:

• ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
• კონკურენტიანი, თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა
• საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
• კერძო ინვესტიციების სტიმულირება კლუბებში
• საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამები
• მასობრივი ფეხბურთის ახალი პროგრამები (ქალთა ფეხბურთი, ჭაბუკთა პირველობები, ფუტსალი, პლაჟის ფეხბურთი, სასკოლო პირველობები და სხვა)
• სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად