დავით მირცხულავა: მიმდინარეობს “ჰიბრიდული ენერგეტიკული ომი”, “არა ჰესებს” კამპანიით პირდაპირ ემუქრებიან ქვეყნის განვითარებას

დღეს ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშეა, რაც პირდაპირ კავშირშია ენერგოდაუმოკიდებლობასთან, ენერგოდამოუკიდებულება კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან.
ამ ფონზე, როდესაც წესით და რიგით, გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ენერგეტიკული წყაროების ათვისებას, ქვეყანაში აქტიურად წარმოებს „არა ჰესებს“ კამპანია. ამ სახის კამპანიას ქუთაისში საკმაოდ მასშტაბური ხასიათიც მიეცა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცაღა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების მხრიდან არასათანადო კომუნიკაცია და ინფორმაციული ვაკუუმი ნამდვილად იყო ერთ-ერთი მიზეზი იმის, რის გამოც კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. რას ნიშნავს დღეს ბევრი ჰესი საქართველოსთვის და რა შეიძლება მოგვიტანოს „არა ჰესი“-ს კამპანიამ – ამასთან დაკავშირებით „აიპრესს“ ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ესაუბრება.

ბატონო დავით, მინდა გკითხოთ, საერთოდ რა სახის კამპანია მიმდინარეობს საქართველოში, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა საფრთხე ექმნება ქვყანას ამის შედეგად? აქვე მინდა განმარტოთ იმ ადამიანების არგუმენტებიც, რომლებიც ასე ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას?

საკითხი ძალიან დიდია და შევეცდები მოკლე პასუხები მოვძებნო. რეალურად, ამ კამპანიით ჰესების წინააღმდეგ უპირისპირდებიან ჩვენი ქვეყნის ძირითად ენერგეტიკული რესურსურსის ათვისებას . ჰიდრო რესურსი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული რესურსი და ამიტომ, როდესაც საუბრობენ არა ჰესებზე ნიშნავს, რომ ჩვენ ძირითად ენერგეტიკულ რესურსს ვერ გამოვიყენებთ. დღეს ასეცაა, ბლოკირებულია უამრავი პროექტი.

საუბარი მაქვს ჰესებზე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ასეთივე წინააღმდეგობებს აწყდება საქართველოში ქარის ყველა პროექტიც.

რატომღაც ჰგონიათ, რომ როცა საუბარია ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, ეს რაღაც ლოზუნგია და მიაჩნიათ, რომ ამის უკან რაღაც გარკვეული ციფრები არ დევს. ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკულად თითქმის 70 -75 %-ით არის დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყანაზე და სრულ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ბუნებრივია საუბარი არ არის, ამას ვერც მივაღწევთ. ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკული დამოუკიდებულობის მახასიათებლის გაუმჯობესებაზე.

ჩვენი ენერგეტიკა, თითქმის 80 %-ით არის დამოკიდებული ჰესების მიერ გამომუშავებულ ენერგიაზე. დეფიციტი, რაც დღეს გაგვაჩნია, არის დაახლოებით მილიარდ ექვსასი მილიონი და თუ ასე გაგრძელდა გენერაციის პროექტების ბლოკირება, ეს დეფიციტი წლიდან წლამდე გაიზრდება.

თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, ენერგეტიკაც უნდა განვითარდეს, ამიტომ მიმაჩნია, რომ „არა ჰესებს“ ნამდვილად არ არის კეთილგანწყობილი ლოზუნგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მეტიც, ეს რეალურად დარტყმაა ქართულ ეკონომიკაზე და შესაბამისად, ქართულ სახელმწიფოზე.

თქვენ ყველა ენერგეტიკული პროექტი მოგწონთ? არ გაქვთ შენიშვნები ტექნიკურ მხარეებზე განსაკუთრებით?

თუ გადავხედავთ, არსებულ ენერგეტიკულ პროექტებს, ზოგიერთი შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ ეს ჯანსაღი განხილვის, დისკუსიების თემაა და ყოოველთვის უნდა მოიძებნოს საუკეთესო ალტერნატივა, მაგრამ ხელაღებით თქმა, რომ საქართველოში ჰესები საერთოდ არ განვითარდეს, მხოლოდ ელექტრო ენერგეტიკაზე დარტყმა არაა, ეს ჩვენი ქვეყნის ნორმალურ მომავალ განვითარებაზეა უარი.

სამწუხაროდ, ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიომ უარი თქვა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე. ასეთი ტიპის ლექციები იკითხება სხვადასხვა რეგიონში ღია ცის ქვეშ. ეს არის ტყუილი. მაგალითად შემიძლია გითხრათ, 2021 წლის 22 მარტს ავსტრიამ გამოაცხადა ორი დიდი ჰიდროსადგურის მშენებლობის თაობაზე ევროპის ცენტრში – სადაც ნახევარ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი.უამრავი ჰესი შენდება ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე , ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე შექმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებში.

შემიძლია უამრავი ასეთი პროექტი ჩამოვთვალო – მაგალითად, ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს პორტუგალიაში, ნორვეგიაში, თურქეთში, ყველა კონტინენტზე … ამიტომ ზემოთ მოყვანილი მოსაზრება მცდარია და ვფიქრობ, ქვეყანამ ეს რესურსი აუცილებლად უნდა განავითაროს და აითვისოს.

„არა ჰესებს“ კამპანიის მთავარი არგუმენტი არის გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ამ არგუმენტებს კი სჭირდება სათანადო განმარტება.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ათვისება, და ეს ნებისმიერ განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ათვისებას ეხება, ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციის გარეშე, ყველა შესაძლო რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი მაღალკვალიფიციური კვლევების ჩატარებით და პირიქით, თითოეული პროექტი, მცირე, საშუალო თუ დიდი, განვითარდეს სწორედ მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, მოძებნილი იყოს ოქროს შუალედი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციის თვალსაზრისით.

დაახლოებით 1994 წელს ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიბეჭდა ჩემი სტატია სათაურით „ისე არ ქუხს, როგორც წვიმს“. იქ ვსაუბრობდი შვეიცარიის მაგალითზე, რომ იმ პერიოდში ზოგ კაშხალზე სიმაღლეს ზრდიდენ და ზოგან მშენებლობა მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანის ქმედება, მშენებლობა ახდენს გარკვეულ გავლენას გარემოზე, მაგრამ აუცილებელია ასეთი გავლენის მინიმიზაცია. ყველა პროექტში ამაზე უნდა იყოს საუბარი და არა იმაზე, რომ ხელაღებით ვთქვათ – არა ჰესებს. რეალურად, ამით ემუქრებიან სახელმწიფოს.

როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ ინვესტორმა და სახელმწიფომ არ აუხსნა მათ ნორმალურ, გასაგებ ენაზე ჰესების სიკეთეები და არ ესაუბრნენ გარემოზე გავლენის მინიმიზაციაზე, თუ ეს არის მიზანმიმართული კამპანია და რაც არ უნდა აუხსნა, ამ კამპანიას თავისი მიზანი აქვს და გაგრძელდება?

ალბათ, ერთიც და მეორეც. პირველ რიგში, მე მჯერა ყველა გულწრფელი ადამიანის, რომლებსაც კითხვები აქვთ, რომლებიც ფიქრობენ სხვადასხვა მშენებლობის შედეგად გარემოს დაზიანებაზე. ადამიანს კითხვა რომ დაებადოს, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის და პირიქით, – ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

მეკითხებით, იყო თუ არა და არის თუ არა კონკრეტულ პროექტებში კომუნიკაციის დეფიციტი. პირდაპირ ვამბობ, რომ არის კომუნიკაციის დეფიციტი და ეს ალბათ პროექტის დეველოპერების ბრალია. მიმაჩნია, რომ დაწყებული დეველოპერიდან მთავრობამ, უფრო მეტი უნდა ილაპარაკონ დაგეგმილ პროექტებზე. თუმცა, არის ჩვენთან პროექტები, რომლებზეც ბევრი საუბარი იყო – მაგალითად, მე ხუდონის პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელი ვიყავი და ხუდონზე რაც არის დაწერილი, ამდენი არ დაწერილა ალბათ არც ერთ პროექტზე საქართველოში. მიუხედავად ამისა, შედეგი იგივეა – პროექტი შეჩერებულია, ასევეა ნენსკრა.

უმნიშვნელოვანესი იქნება და საინტერესო ჩემი აზრით, იმ რაიონების გამოცდილების გაზიარება, სადაც აშენებულია მცირე და საშუალო ჰესები, მაგალითად მესტია ან სხვა რაიონი, და ანალიზი რა გავლენა მოახდინა რაიონის ბიუჯეტზე, ლოკალურ ეკონომიკაზე ჰესების განხორციელებულმა პროექტებმა, რა მოცულობით გაზარდა ამ ობიექტების შენატანებმა ადგილობრივი ბიუჯეტი.

ამბობენ, რომ საკმაოდ ბევრი პროექტი გაჩერდა, ეს რას ნიშნავს? ხომ არ შეიძლება, რომ არაფერი მოგწონდეს?

დღეს იცით რომ არის გაჩერებული კიდევ ერთი წყალსაცავიანი ჰესის პროექტი ნენსკრას ვგუ;ლისხმობ. გრედას ხელმძრვანელმა განაცხადა, რომ 80-მდე ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული. მათზე სერიოზული, ორგანიზებული, შეტევებიაა და ეს არის ნამდვილად დასაფიქრებელი.

მსოფლიოსთვის ეს ახალი პრობლემა ან უცხო ნამდვილად არაა. მიმდინარეობს ჰიბრიდული ენერგეტიკული ომი. ამ ყველაფერს ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ენერგეტიკაში ყოველთვის იყო ასეთი ომები. გემახსოვრებათ და იცით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავის დროზე აზერბაიჯანთან ერთად ჩაება გიგანტების ენერგეტიკულ ომში – „კასპიური დერბი“ – აზერბაიჯანი როგორც რესურსის მფლობელი, ხოლო ჩვენ როგორც სატრანზიტო ქვეყანა. ჩავებით ბრძოლაში, რომელსაც კასპიური ენერგეტიკული ომი ეწოდა და ისეთი ქვეყნები, გიგანტები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი და ა.შ… გვახსოვს, რომ ამ პროექტებზეც იყო დიდი დაპირისპირება, შეტევები, ყველა მიმართულებით.. ვფიქრობ, იმ პერიოდში, მიღებულმა ენერგეტიკულმა გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი პოზიტიური კვალი დაამჩნია ქვეყნის დასავლური განვითარების ვექტორს.

„ბაქო- თბილისი-ჯეიხანის“ შესახებ საუბრობდით, როგორც მივხვდი. ჯერ კიდევ 2003 წელს, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის განვითარების დირექტორი ანგარიშში წერდა, რომ მძაფრი იყო პრობლემები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარი იყო საქართველოზე, რომელზეც ამ ანგარიშში ეწერა, რომ ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა ენერგეტიკული რეფორმების მიმართულებით. ასე კარგად დაგვიწყია თურმე თავის დროზე ენერგეტიკული რეფორმები და ახლა რა სიტუაცია გვქვს, როგორ შეაფასებდით?

იმ პერიოდში, როდესაც რეფორმები დაიწყო, ეს გახლდათ დიდი ამბიციური განაცხადი, – შეიძლება ითქვას, რომ ქვაკუთხედი რეფორმების იყო ქვეყანაში დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის შექმნა და შემდეგ ჩატარებული ძირეული რეფორმები – პირველ რიგში პრივატიზება, შემდეგ სტრუქტურული ცვლილებები.

ძალიან კარგი შეფასებაა, როდესაც მსოფლიო ბანკი ასე აფასებდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში უმძიმეს ენერგეტიკულ ვითარებაში განხორციელდა. იმ პერიოდში ჩატარებული რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები, პრივატიზაცია იყო ერთი ნაწილი რეფორმების. მეორე ნაწილი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან იყო დაკავშირებული. ეს ვიხილეთ მხოლოდ 2013 წლიდან და ინვესტიციების შემოსვლა გენერაციაში იყო აშკარად შთამბეჭდავი.

საერთოდ, გენერაციის მატება საქართველოში, 2013 წლიდან 2020 წლამდე იყო დაახლოებით 1300 მეგავატი. ეს არის რიცხვი, რომელიც ქვეყნის არსებული გენერაციის თითქმის მესამედია და ეს მოხდა 2013-დან 2020 წლამდე.

ერთის მხრივ, ეს არის ძალიან კარგი შედეგი: აშენდა კომბინირებული ციკლის ორი 230მგვტ-იანი თბოსადგური. 2014-წლამდე გვქონდა მოძველებული პარკი ამ ტიპის სადგურების, დღეს კი გვაქვს ორი ძალიან კარგი ახალი თანამედროვე ეფექტური თბოსადგური.

2013-დან 2018 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მოქმედებდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის. ინვესტორებისთვის გრძელვადიან პროექტებზე რისკების შემცირებამ გამოიწვია ამ პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების შენების ტემპის ზრდა. შემდეგ გამოცხადდა მორატორიუმი, რომელიც დღესაც ძალაშია და ფაქტია, რომ დარგში ინვესტიციების შემცირება თვალშისაცემია.

დღეს, რეალურად, უკვე საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან გვაქვს საქმე და შედეგად პროექტის შეჩერება თითქმის ყველა რეგიონში. ინვესტორებისთვის ეს უკვე ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. რა არის გამოსავალი?

უამრავი კრიტიკული აზრი მესმოდა, რომ უფრო გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო გრძელვადიანი ტარიფის დადგენის პროცესი. ამაზე მეც ვსაუბრობდი, მაგრამ მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ეს მეთოდი არ არის გამოყენებული. გრძელვადიან გარანტირებულ ტარიფს აძლევენ ინვესტორს, რათა შეამციროს რისკები, რომლებიც შესაძლოა პროექტს მოჰყვეს.

მაგალითად, იაპონიაში ჰესის აშენება რომ დააპიროთ, იაპონელები გაძლევენ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას თითქმის 25 წლიანი ვადით და ფასი, ჩვენს შეთავაზებულ ფასს რომ შევადაროთ, არის 12.5 ცენტი. ასევეა ჩვენს მეზობელ თურქეთშიც, იქ შესყიდვის გარანტირებული ფასი იყო 7.3 ცენტი, რომელიც კრიზისის დროს შეამცირეს, მაგრამ ბოლოს კვლავ განახლეს ასეთი სტიმულირება.

ინვესტორისთვის გარანტიების მიცემის პარალელურად არსებობს დაახლოებით ისეთივე პროგრამა, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, რომ ენერგეტიკული პროექტისთვის საჭირო პროდუქციის წარმოება ქვეყანაშივე დაიწყოს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეეწყოს ხელი. არის მრავალი მონოგრაფია მწვანე ენერგეტიკის სტიმულირების შესახებ, რა მეთოდებს მიმართავენ ხელისუფლებები, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი განახლებადი ენერგიის განვითარებას.

თქვენ ჩამოთვალეთ არაერთი ქვეყანა იმის მაგალითად, რომ ჰიდროენერგეტიკა ვითარდება და ჰესებს დღესაც აშენებენ. იდეაში, ამის აქტიური პროპაგანდაც, სახელმწიფოსთვის არ უნდა იყოს რთული და მიუღწეველი ამოცანა. მაშინ რაშია საქმე? ქვეყანას გააჩნია რაიმე კონკრეტული ხედვა. კონკრეტული ენერგეტიკული პოლიტიკა?

დიახ, აქ მივდივართ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან. ვიცი, რომ დოკუმენტი საბოლოო სახით მუშავდება. კარგია, რომ უამრავ ადამიანს ექნება წვდომა განხილვების დროს და ეს ძალიან კარგია. მიმაჩნია, რომ ენერგეტიკა არ უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობის საგანი. ეს თემა ჩვენ განვითარებას, მისი ეკონომიკის ფუნდამენტურ საკითხს ეხება და ვფიქრობ, შეიძლება ყველა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსის საგანიც იყოს.

მე ვნახე პარტიების განცხადებები და ამ თემაზე უმეტესობას ერთი აზრი აქვს, ძალიან ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებსაც კი. იმიტომ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სახელმწიფომ, ბუნებრივია, ამის კომუნიკაციას და დოკუმენტის შექმნასაც უზარმაზარი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. ეს უნდა იყოს, გნებავთ, საპარლამენტო დონეზე დამტკიცებული დოკუმენტი, ან პრემიერის ხელმოწერილი სტრატეგიული გეგმა.

ერთი რამ, რაც ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა და ყველამ ალბათ უკვე კარგად იციან, ის არის რომ, მსოფლიოში უკვე ნულოვან ნახშირბადულ მომავალზეა საუბარი. მაგალითად, გერმანია დღეს აცხადებს, რომ იქნება სრულად ორიენტირებული განახლებადი ენერგიის წყაროებზე და წიაღისეულ საწვავს საერთოდ აღარ გამოიყენებს. მეტიც, ამ ბოლო დროს ჩინეთმაც, რომელიც წიაღისეულის უზარმაზარი მომპოვებელი და ენერგეტიკულად უზარმაზარი მომხმარებელია, განაცხადა, რომ მასაც ასეთი პერსპექტივა აქვს 2050 წლისათვის. აშკარაა, საქმე რეალურად მე-4 ენერგეტიკულ გადასვლასთან გვაქვს საქმე.

და ჩვენ რა რესურსი გვაქვს, რითაც სხვა ქვეყნებს გავუწევთ კონკურენციას?

ჩვენს ქვეყანში უნდა იცოდნენ, რომ რეგიონში სხვებზე მეტი განახლებადი ენერგიის რესურსი გვაქვს. ამიტომ, კამპანიებით „არა ჰესებს“, ამ პერსპექტივას რეალურად ვაჩერებთ. კონკრეტული წყალსაცავიანი პროექტების გაჩერებით, ჩვენ ვაჩერებთ და არ ვიძლევით საშუალებას, რომ ავითვისოთ სრულად ისეთი რესურსები, როგორიცაა ქარი და მზე. მათი ცვალებადი ბუნებიდან გამომდინარე, რეალურად წყალსაცავიანი ჰესები ახდენენ ამ განახლებადი გენერაციის (ქარი,მზის) სიმძლავრეების დუბლირებას, რომ ნებისმიერ მომენტში, მაგალითად, ქარის სიჩქარის ცვლილების მიუხედავად, მომხმარებელმა მიიღოს გარანტირებული სიმძლავრე. სწორედ ქარის და მზის სადგურების ინტეგრირებისათვის ხდება აუილებელი წყლსაცავიანი ჰესების, მათ შორის, ჰიდროაკუმულიციური ჰესების მშენებლობა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და ევროპაში თანდათან აუცილებელი ხდება, რომ გასაყიდ პროდუქციაზე მითითებული იყოს მისი წარმოების დროს ნახშირბადული კვალის არსებობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მასზე არ უნდა იყოს დახარჯული წიაღისეული ენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიბეგრება ისე, რომ კონკურენტული ნამდვილად აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ევროპა და მსოფლიოც მიდის ამ გზისკენ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს უდიდესი შანსი ქვეყნისათვის, რეგიონში ჩვენი ენერგეტიკული (განახლებად ენერგეტიკაზე დაფუძნებული) სისტემის ბუნებრივი უპირატესობის ოპტიმალურად გამოყენების და ეს უდიდესი პერსპექტივა ჩვენი ეკონომიკისათვის ნამდვილად არის. ფაქტობრივად, თურაშაულის პატრონები („თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო“) ვართ და უარს ვამბობთ მის ათვისებაზე და იმპორტზე დამოკიდებულებას ვზრდით…

ასევე, უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ მწვანე წყალბადზე, რომლის ბაზარი კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის, დაახლოებით 900 მილიარდი ევროს შესატყვისი იქნება. მაშინ, როცა დღეს ნავთობის წლიური ბაზარი არის ტრილიონ სამასი მილიარდი დოლარი. აქედან გამომდინარე, ყველა მონაცემით უკვე 2030 წელს მწვანე წყალბადს ადეკვატური ბაზარი ექნება. თუ ჩვენ განახლებადი ენერგიის წყაროებს მაქსიმალურად და ოპტიმალურად ავითვისებთ, ქვეყანას ექნება ძალიან დიდი შანსი დავიკავოთ საკუთარი ნიშა მწვანე წყალბადის წარმოებაში და ეს საექსპორტო პროდუქცია ძალიან დიდ წონას შეიძენს საქართველოს ეკონომიკაში. ვფიქრობ, საქართველოსთვის ესც პერსპექტივაა და პოზიტიურია, რომ ამაზე მუშაობა ქვეყანაში უკვე დაწყებულია.

2014-2016 წლებში რუსეთმა შეადგინა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, სადაც საქართველოს საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო, როგორც მისი ბაზრისთვის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებას. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ექსპორტი ევროპის ბევრ ქვეყანაში შემცირდა და ბევრშიც თითქმის განახევრდა, გასაგებია მათი გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 52%-ით გაიზარდა და კიდევ მეტად გაზრდა იგეგმება. რუსი ჩინოვნიკები ბრიფინგებზე პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი პერსპექტიული მიმართულება არის საქართველო.

რა შეიძლება საქართველომ დაუპირისპიროს ამ ტენდენციას საკუთარ გრძელვადიან დოკუმენტში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით?

ბუნებრივია, როდესაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, უნდა შეფასდეს ყველა არსებული მარშრუტის უსაფრთხოება. აქ საინტერესოა როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე ტექნიკური მდგენელი.

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ასეთი უნდა დარჩეს მომავალშიც და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ელექტროენერგიის ტრანზიტითაც შესაბამისი შემოსავლის მიღება. ბუნებრივია, პროცესის გეოპოლიტიკურ რისკებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც უმნიშვნელოვანესია და ამის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებები უნდა იყოს ქვეყნისათვის მეტად მოზომილი და ოპტიმალური.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანასთან გვაქვს კავშირი, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით. მაგალითად, დასავლეთიდან გვაქვს 220 კვ ხაზი „სალხინო“, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ასევე გვაქვს კავკასიონის 500-იანი ხაზი, რომელიც ასევე რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს ხაზი ძალიან რთულ გეოგრაფიულ და მეტეოკლიმატურ პირობებში გადის და მუდმივად აქვს გარკვეული პრობლემები ხშირი ავარიების სახით, ამ ხაზს არა აქვს შესაბამისი თანამედროვე დაცვის სისტემები. გვაქვს კავშირები აზერბაიჯანთან და აშკარად უნდა აღინიშნოს ეს ყველაზე მყარი კავშირია, რადგან გვაქვს 500კვ-იანი და 330კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზები. სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი ამ კავშირებს უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს საქართველოს ტერიტორიამდეა მოყვანილი 330-იანი ხაზის მეორე ჯაჭვი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე წელს დასრულდება ახალი ხაზის მშენებლობა. ეს მოგვცემს ძალიან მყარ და საიმედო კავშირს აზერბაიჯანთან.

თეორიულად არსებობდა მოზდოკი-ყაზბეგის ხაზის მშენებლობის პროექტიც რუსეთთან, მაგრამ არ განვითარებულა. თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზი და ახალციხის ქვესადგური არის მუდმივი დენის ჩანართი. ფაქტობრივად, ჩვენ პარალელურ რეჟიმში არ ვიმყოფებით თურქეთთან, მაგრამ გვაქვს საშუალება მასთან ენერგიით მუდმივი ვაჭრობის და ეს ძალიან კარგია. ასევე გვაქვს სომხეთთან დამაკავშირებელი 220-იანი ალავერდის ხაზი. სომხეთის მიმართულებით არსებობს 500-იანი ხაზის პროექტი მუდმივი დენის ჩანართით, მარნეულიდან სომხეთის საზღვრამდე. რეალურად ასეთი ხაზის არსებობა მისასალმებელია და ეს ქვეყნისთვის ცუდი არ იქნება.

ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ახალი პროექტის შესახებ – იქმნება ევროპასთან დამაკავშირებელი ხაზი, წყალქვეშა კაბელზეა საუბარი, რომლის სიმძლვრეც 1000 მეგავატამდე იქნება. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?

ეს თუ განხორციელდა, საშუალებას მოგვცემს, პირდაპირ ევროპის ქვეყნებთან მოვახდინოთ ელექტროენერგიის გაცვლა, ტრანზიტი, მიღება, ვაჭრობა და ასე შემდეგ. როდესაც წყალქვეშა კაბელზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე ჰესებს, რომ ჩვენ ევროპული ენერგეტიკული სისტემისთვის საინტერესო ვიქნებით, სწორედ განახლებადი ელექტროენერგიით, ჰესებით. როდესაც ჰესები გაგვაჩნია, ჩვენი სისტემა ძალიან მანევრულია და ეს დიდი უპირატესობაა ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით. აქედან გამომდინარე ჰესებზე უარის თქმა, რეალურად ძალიან დიდ პერსპექტივაზე უარის თქმას ნიშნავს.

როგორ ფიქრობთ, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, რაზეც ახლა არის საუბარი და ბაზრის ლიბერალიზაცია, რამდენად შეუწყობს ხელს იმას, რომ გენერაციის ობიექტები განვითარდეს?

ფაქტობრივად, თქვენ მეკითხებით, ელექტროენერგეტიკული ბირჟა იქნება თუ არა საინვესტიციო კლიმატისთვის წამახალისებელი…

მიმაჩნია, რომ ბირჟის შექმნის მიმართულება არის სწორი, მაგრამ არის ძალიან ბევრი რისკი. ექნება თუ არა ახალ ბაზარს პირველსავე წლებში ის საბირჟო ძალა, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მაგივრობა გაწიოს. მინდა ვთქვა, რომ პირველივე წლებში ჩვენს ბირჟას ამის ძალა ნამდვილად არ ექნება. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ვართ დეფიციტური ქვეყანა. ისრაელის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სანამ გარანტირებულმა და ზედმეტმა სიმძლავრემ 30%-ზე მეტი არ შეადგინა, ისინი ბირჟის ამოქმედებაზე არ წავიდნენ. ასეთი რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით და ვნახოთ.

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება თუ არა, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება აზერბაიჯანულით ან თურქულით? რამდენად რეალურია ეს?

ყველაფერი უნდა განსაზღვროს მხოლოდ ელექტროენერგიის ღირებულებამ დროის გარკვეულ მონაკვეთში. ჩვენ უნდა ვივაჭროთ და შემოვიტანოთ ის ენერგია, რომელიც ყველაზე იაფი იქნება და რაც უფრო მოგებიანი იქნება ქვეყნისთვის, მომხმარებლისათვის. ელექტროენერგიის ტარიფი უნდა იყოს განმსაზღვრელი და გამჭვირვალე, რომელიც ეცოდინება ყველას! კონკურენცია არის ძალიან კარგი, რაც დღეს ბაზარზე არის, მაგრამ ეს ბაზარი უნდა იყოს გაცილებით გამჭვირვალე.

ბუნებრივია ელექტროენერგიის და ზოგადად ნებისმიერი ენრგოშემცველის იმპორტის დროს უნდა გათვალისწინებული იყოს გეოპოლიტიკური რისკები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რამე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი იმპორტი ნიშნავს იმ ქვეყნის თამაშის წესებზე დათანხმებას, რომლიდანაც ხდება იმპორტი. სორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ დეფიციტი ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად უნდა შევამციროთ. „არა ჰესებს“ ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ფაქტორი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

ამ მიმართულებითაც აბსოლუტურად გეთანხმებით, გასათვალისწინებელია ენგურის კასკადის პრობლემა. ჩვენი ძირითადი პიკური სადგური არანორმალური რეჟიმებით ფუნქციობს და ის აღარ არის პიკურ სადგური. გენერირებული ენერგიის 50 პროცენტზე გაცილებით მეტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეწოდება, ხოლო დეფაქტო და საოკუპაციო ხელისუფლებები მიწოდებული ენერგიის საფასურს ვერ იღებენს, რაც თავისთავად ენგურჰესისთვის დიდი ფინანსური პრობლემაა. უდიდესი პრობლემა აფხაზეთში მოხმარების უპრეცენდენტო და გაუმართებული ზრდამრაც ბიტკოინის ქარხნებისა და მობილური მაინინგის პრობლემებთან არის დაკავშირებული. ზოგადად დიდი პრობლემაა ჩვენი არსებული ჰესების ხანდაზმულობა, რაც თავისთავად მოითხოვს გაზრდილ ყურადღებას როგორც სახელმწიფოს და როგორც რეგულატორის, ასევე მათი მეპატრონეების მხრიდან. განსაკუთრებით, მათი უსაფრთხო, საიმედო ექსპლოატაციის მომავალში უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ასეთი რისკი უნდა იყოს შეფასებული სათანადოდ და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...