დავით მესხიშვილი: ტრანსპორტის აკრძალვა დისკრიმინაციულია, საქართველო ერთადერთია, სადაც ის აკრძალეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველო ერთთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია. მისი თქმით, დისკრიმინაციაა, როდესაც მობილობის შემცირება ხდება მხოლოდ ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე.

ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურთან კონსულტაციები და ის მზადაა, რომ ტრანსპორტი დღესვე აღდგეს.

“ჩემი ინფორმაციით, საქართველოს არის ერთადერთი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია. ის არ აკრძალეს თითქმის არსად და სადაც აკრძალეს, მხოლოდ ცოტა ხნით, ისიც იმიტომ, რომ მოსამზადებელი პერიოდი იყო, რომ ახალ სტანდარტებზე გადასულიყვნენ. არ აკრძალეს იმიტომ, რომ ეს ცალსახად დისკრიმინაციულია. ხომ ამბობდნენ ჩვენთანაც, რომ მობილობა უნდა შევამციროთო და ვის ხარჯზე შემცირდა. იმათ ხარჯზე არ შემცირდა, ვინც ფლობს ავტომობილს, ვისაც აქვს მაგალითად საწვავის ფული და არ აქვს გადაადგილების პრობლემა. შემცირდა მათ ხარჯზე, ვინც სოციალურად დაუცვლები და სიღარიბეში ცხოვრობენ, ვისთვისაც გადაადგილების ერთადერთი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია”, – ამბობს მესხიშვილი.

კითხვაზე მისი აზრით რატომ მოიქცა ასე ხელისუფლება, პასუხობს:

“ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მაღიზიანებს, რომ თქვენ მაინც ვერ დაიცავთ წესებს და მერე ჩვენ მაინც ვერ გავაკონტროლებთო. მე სხვა ქვეყნების სტატისტიკასაც ვეცნობი და სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილია. მაშინაც კი იცავენ კანონს, როდესაც მისი შინაარსი არ ესმით. მეც ვერ გავიგე პირველ ეტაპზე ოჯახის ორ წევრზე მეტის ჯდომა რატომ იკრძალებოდა ავტომობილში (მძღოლის გარდა). ამის მიუხედავად პრაქტიკულად ყველა ვიცავდით.

უფრო არის პრობლემის თავიდან არიდება. ამას ვერ მოვაგვარებ და მოდი ავკრძალოთ, აი ასეთი მიდგომაა. მე მქონდა კონსულტაციები თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურთან და სხვათა შორის მათ პირველი ეტაპის დროს არსებული შეზღუდვები კარგად გამოიყენეს და ახალი წესებით დაბრუნდა, მძღოლი იყო იზოლირებული, პირბადე სავალდებულო გახდა და ა. შ. დღესაც მზად არის ტრანსპორტის სამსახური, რომ აღდგეს ტრანსპორტი”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად