დავით კუტალაძე: მე არ ვარ მოძალადე, ვარ ქართველი ვაჟკაცი – ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი

„არაერთხელ გააჟღერეს, რომ მე ვარ მოძალადე და ჯგუფური ძალადობის შედეგად ვიძალადე ჟურნალისტებზე. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ წევრებმა ჩვენი დროშის ფონზე ჩვენს სამებას მიაყენეს შეურაცხყოფა.

12 დღით ადრე ჩამოვედით თბილისში. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირი ბიჭებისთვის დაერქვათ მოძალადეები. მე მოვუწოდებდი ჩვენს მეგობრებს, რომ არავინ შეხებოდა მათ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. მათ სურთ, რონ ჩემგან შექმნან, მოძალადე. მე უბანში სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი ახალგაზრდობისთვის, არ უნდა შემრცხვეს იმ მოხუცების, რომელთაც ჩვენი რელიგია მოგვიტანეს. ჟურნალისტებმა დამაბრალეს. ის ადამიანი ღმერთმა გაანათლოს, ვინც გარდაიცვალა. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი.“

განაცხადა ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოში, რომელმაც მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დავით კუტალაძემ განმარტა, რომ არ არის საზოგადოებისთვის საშიში.

„მათ დაგვაბრალეს, რომ გართულება გვაქვს ფერადტანსაცმლიანებზე, გრძელთმიანებზე. 29 წლის მანძილზე ჩემი ისტორია მანდ დევს, ხუთ ქვეყანაში ვიყავი, მრავალი წარმომადგენელი მინახავს, არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, მისი ცხოვრება წარმემართა, თუ ის ჩემს რელიგიასა და ადამიანობას არ დასცინის. ტურისტი პირიქით, ჩვენს სანახავად მოდის და ჩვენი ტრადიციული საქართველოს სანახავად, იმ ვაზისა და ქართულის ფონზე ჩამოდის. მყავს ასეთი მეგობრები. მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში. ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც ყველა მართალი ადამიანი უყვარს. იცხოვრე ისე, რომ გასახსენებლად ღირდეს. დროშის ფონზე არ შეიძლება, ეს გამოიტანო და ქართველმა ქართველს დასცინო.

საომრად არ გავსულვარ, მე იქ გავედი სამშობლოს დასაცავად. იქ ჩვენ შევარდნას პუტინისეული შევარდნა დაარქვეს და ახლა ჟურნალისტის გარდაცვალებას და ცემას გვაბრალებენ. ესენი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ოღონდ ციხეში გამიშვან. ხელში ვერ ავწიე საქმის მასალები, იმდენია ჩემზე. ბორჯომის აქციებზე ვიყავი, ნამახვანის აქციებზე ვიყავი, მე დავარტყი ყველაზე ძლიერ წერტილში; აპირებენ, ფერადი დროშის მიღმა შემოიტანონ სხვა რაღაცა. ერთი სამართალდარღვევა არ მაქვს. როდესაც ღირსებას, დროშას, ტრადიციას ეხებიან და რუსთაველს ირჩევენ ღირსების მარშად, სადაც გმირები დაიხოცნენ, ყველა ქართველმა უნდა დაიცვას ეს ტერიტორია, როგორც ჯარისკაცმა ის ადგილი. სულ ასე გავზრდი ჩემს შვილებს, დათო კუტალაძეს კი არ იტყვიან, ქართველიაო, იტყვიან. ეს არის ჩემი სიმართლე!“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე დავით კუტალაძემ.

ტვ “პირველსი” გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დღეს შეეფარდა.

დავით კუტალაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ხმაური მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დავით კუტალაძეს დღეს წარუდგინა.

კომენტარები
იტვირთება...