დავით კიკალიშვილი: ამ მომენტისათვის სტუდია “ფორმულასთან” მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ცნობილი ტელეწამყვანი, რომელმაც “რუსთავი 2” 2016 წელს დატოვა, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, თითქოს უკვე გადაწყვეტილია ის, რომ ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს.

თუმცა, კიკალიშვილი ადასტურებს, რომ სტუდია “ფორმულასთან” მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს.

“მეგობრებო მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას. ამ მომენტისათვის სტუდია ფორმულასთან მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
P.S. მადლობა ყველას ყურადღებისათვის”, – წერს დავით კიკალიშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “ფორმულაზე” დავით კიკალიშვილი ერთ-ერთ გადაცემას წაიყვანს, გადაცემა კი ამ ეტაპისთვის დასახელებული ჯერ არ იყო.

ცნობისთვის, დავით კიკალიშვილმა “რუსთავი 2” 20 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა, რომელიც არხის კვირის ანალიტიკური გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” წამყვანი იყო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ “ფორმულას” გუნდს რამდენიმე დღის წინ ბადრი პატარკაციშვილის “იმედზე” გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი, ტელეკომპანია “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძე შეუერთდა, რომელმაც “იმედი” და ჟურანლისტიკა 2007 წელს სპეცრაზმის მიერ “იმედის” დარბევის შემდეგ დატოვა და პოლიტიკური პარტია დააფუძნა. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც ხმების 1% აიღო. ამის შემდეგ კი ჟურნალისტიკა დატოვა. გიორგი თარგამაძე ჟურნალისტიკაში მესამე მოვიდა, 12 წლიანი პაუზის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად