დავით ხიზანიშვილი: დაოჯახების 16 წლიანი გამოცდილება გვაქვს და პატრიარქმაც დაგვლოცა

საქართველოში გაიხსნება დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო, სადაც დასაოჯახებელი ადამიანები რეგისტრაციას გაივლიან,  გაკეთდება ერთიანი მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს ოჯახის შექმნაში, – ამის შესახებ „აიპრესთან“ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დავით ხიზანიშვილმა განაცხადა. 

"აიპრესთან" დავით ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ სფეროში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს და ასობით წყვილი ჰყავს დაქორწინებული. 

– რატომ გადაწყვიტეთ დემოგრფიული განვითარების ეროვნული სააგენტოს შექმნა?

– საქართველოში 2000 წლის 10 მაისს დაფუძნდა საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს მოქალაქეთა დახმარების კავშირი", რომლის მთავარი მიზანი იყო დავხმარებოდით ადამიანებს ოჯახის შექმნაში, სადაც ასობით ადამიანი დარეგისტრირდა და ჩვენი ორგანიზაცია ეხმარებოდა ოჯახის შექმნაში. 

2004 წლის 2 ივლისს ჩვენი ორგანიზაცია  უწმიდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. 

მუშაობის პერიოდში გადავწყვიტეთ, რომ შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირი სახელით დემოგრაფიასთან იქნებოდა კავშირში. სწორედ ამიტომ 2012 წლის 22 მარტს დავაფუძნეთ "საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდი", რომლის მთავარი მიზანი იყო გაეგრძელებინა ის საქმიანობა, რასაც წინა ორგანიზაცია აკეთებდა. უკვე 16 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ.

სტატისტიკის დეპარტამენტმა 2014 წლის 5-19 ნოემბრის პერიოდში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრება 3 729 635 ადამიანით, რაც წინა აღწერის შედეგებთან შედარებით 641 000 ადამიანით ნაკლებია. ამიტომ, გადავწყვიტე შევქმნა ქვეყანაში "დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო", რომლის ანალოგი როგორც საქართველოში ასევე ამიერკავკასიაში არ არსებობს. 

გაკეთდება ერთიანი მონაცემთა ბაზა და საქართველოში ნებისმიერი დაოჯახების მსურველი შეძლებს ონლაინ რეჟიმში გაიაროს რეგისტრაცია, შეავსოს სპეციალური ბლანკი.

– რა უნდა ჩაიწეროს სარეგისტაციო ბლანკში?

– სრული მონაცენები: სახელი, გვარი, სიმაღლე, წონა, ზოდიაქო, რა პროფესიისაა, სად საქმიანობს, გასაცნობი ადამიანის სასურველი ასაკი, რა პირობებს და თვისებებს უნდა აკმაყოფილებდეს. სარეგისტრაციო ბლანკს უნდა დაურთოს ერთი ფოტოსურათი და გამოაგზავნოს სააგენტოს საიტზე, შემდეგ კი მოხდება მონაცემების დამუშავება. 

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია ფასიანია?

– არა! ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ რამე ღირდეს, მომსახურება ყველასთვის უფასო იქნება. ზაფხულისთვის გაკეთდება ვებვერდი, მონაცემთა ბაზა ნელ-ნელა დაიხვეწება და მოქალაქეებს ამით სარგებლობის საშუალება უკვე სექტემბრის ბოლოდან იქნება. სავარაუდოდ, სააგენტოთი სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები შემოდგომიდან შეძლებენ.

– თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც წერთ: "გვჭირდება თქვენი ფინანსური დახმარება…"

– გვინდა ოფისები საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიხსნას, სადაც ადამიანები შეძლებენ მისვლას და რეგისტრაციის გავლა, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ოფისებში. მონაცემთა ბაზის შესაქმენალად საჭიროა ადამიანების დასაქმება და მათ ხელფასი სჭირდებათ. 

– რა პროფესიის ადამიანები უნდა დასაქმდნენ და ვინ მოემსახურება დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტოს ბაზაში დარეგისტრირებულ ბენეფიციარს?

– პირველ ეტაპზე სასურველია ფსიქოლოგებმა იმუშაონ.

– საუბრობენ იმაზე, რომ  "საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტოს" უკან ბიზნესმენი ლევან ვასაძე დგას,  რამდენად სწორი ეს ინფორმაცია?

– არა! ამ სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს ლევან ვასაძეს. ჩვენი და მისი ორგანიზაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, სახელშიც განსხვავებაა.  პირადად მე ამ საქმეზე 16 წელია ვმუშაობ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის ლევან ვასაძესთან. 

ეს ორგანიზაცია წყვილების დასაოჯახებლად და  ერის გამრავლებისთვის იქმნება.

– ერთსქესიანთა დაქორწინების მსურველებს თუ შეუძლიათ თქვენს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება და თუ გაუწევთ დამხარებას?

– ჩვენ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის დაწყვილებაზე, ქორწინებაზე ვსაუბრობთ. 

– თქვენს ბაზაში დარეგისტრირებულების ქორწინებაზე ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება?

– წყვილები როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ეს მათ სურვილზე იქნება დამოკიდებული.

– სასულიერო პირებს თუ ესაუბრეთ დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტოს შექმნაზე?

– არა, მაგრამ 2004 წელს ჩვენი საქმინობა ანუ ოჯახების შექმნაზე მუშაობა მისმა უწმიდესობამ დალოცა და ამაზე ოფიციალური წერილიც გვაქვს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად