დავით ხაჟალია: “ფირცხალავას მტკიცებულებების განადგურებისთვის 9 წელი ჰქონდა, თუმცა არ გაუკეთებია”

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, ირაკლი ფირცხალავას მტკიცებულებების განადგურებისთვის და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენისთვის 2006 წლიდან დაწყებული 9 წელი ჰქონდა, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია,-ამის შესახებ მან შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ხაჟალიამ აღნიშნა, 1 თვის წინ ფირცხალავამ პროკურატურას გაუგზავნა წერილი, სადაც აცხადებდა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"2006 წლიდან მას ალბათ 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ თუ რაიმე მტკიცებულება იყო დარჩენილი, ესეც გაენადგურებინა და ზეგავლენაც მოეხდინა მოწმეებზე, თუმცა ეს არ გაუკეთებია, არც აპირებდა ამის გაკეთებას. პირიქით, მან განცხადებაც გააგზავნა პროკურატურაში – რომ მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გავცე და ვითანამშრომლო გამოძიებასთან”,-განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ხაჟლიას განცხადებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ფირცხალავამ სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით დაგეგმა – ზღაპარია.

"ეს საჭირო გახდა იმიტომ, რომ პროკურატურას ეს ზღაპარი დაეწერა და ეს ვერსია, არგუმენტაცია მოეტანა – თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია. თუმცა ამაზე პასუხი ცალსახაა, თუ ვინმეს ვინმეს ლიკვიდაცია უნდოდა, ამას ალბათ ისედაც ჩაატარებდა ამ სპეცოპერაციის გარეშეც და ამაში ამდენ მოწმეს არ ჩარევდნენ, მათ შორის იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც დღეს ტყუილუბრალოდ არიან დაკავებული. გარდა ამისა, თუ ეს განზრახვა ჰქონდა ფირცხალავას და მხოლოდ მარტო თვითონ იცოდა ამის შესახებ, რა მტკიცებულება უნდა მოიტანოს პროკურატურამ… მაშინ ფირცხალავას უნდა ჩაეტარებინა თათბირი ამ სპეცრაზმელებთან, ხელმძღვანელებისთვის უნდა შეეტყობინა, მთელი პროცედურები აქვს ამას. აქედან გამომდინარე ეს მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის ვარაუდებია, რომლებიც სცდება სამართლებრივი ვარაუდების ფარგლებს",-აღნიშნა ხაჟალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...