დავით ხაჟალია: “ირაკლი ფირცხალავამ საკუთარი ძმა თვითონ დააჭერინა”

კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ საკუთარი ძმა, ლევან ფირცხალავა თვითონ დააჭერინა. 

როგორც ფირცხალავა აღნიშნავს, ირაკლი ფირცხალავა თავის ძმას 2006 წლიდან 4 წელი არ ელაპარაკებოდა.

"სიმართლე თუ გინდათ. მისი ძმა თვითონ დაიჭირა ირაკლი ფირცხალავამ. უბრალოდ თვითონ ხომ არ დააკავებდა, დააკავებინა სოდ-ის თანამშრომლებს და ოთხი წელი არ ელაპარაკებოდა მაგის გამო…

დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ?

"ხო, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ თავისი ქმედებების გამო უნდოდა ირაკლის, რომ არ ყოფილიყო ასეთი პიროვნება და ბუნებრივია, ჰქონდა გაფუჭებული ეს ურთიერთობა. ბოლოს და ბოლოს რომ ვერ გადააგდებინა(ნარკოტიკები- რედ.), დააჭერინა. ეს მოხდა 2006 წელს”,-განაცხადა ხაჟალიამ.

ამასთან, როგორც პროკურატურის ბრალდების ტექსტიდან ირკვევა, გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ფირცხალავამ დანაშაული – ე.წ კორტების სპეცოპერაციის დროს განზრახ მკვლელობის ორგანიზება სწორედ მისი ძმის "ჩაშვების" გამო, შურისძიების მოტივით ჩაიდინა.

"ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე",-ნათქვამია პროკურატურის ბრალდების ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავას ბრალი ე.წ კორტების სპეცოპერაციის დროს, განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაცირებაში ედება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...