დავით კეზერაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს მედიასფეროში მონოპოლიის მოსაპოვებლად

ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელი და თანადამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული ბრალდებების შემდეგ “ქართულ ოცნებას” სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პასუხობს:

“გუშინ, 8 სექტემბერს, სახელისუფლებო პროპაგანდის ფლაგმანმა, ტელეკომპანია იმედმა, ჩვეულ სტილში, ჩემ მიმართ ტალახის სროლისა და ბინძური თავდასხმების მორიგი კასკადი შემოგვთავაზა. ქართული ოცნების რუპორმა საგანგებო ეთერი მიუძღვნა ყველა იმ ყურით მოთრეული ბრალდების თავიდან წამოწევას, რომელთა უსაფუძვლობა არაერთხელ დაადასტურა არაერთმა სასამართლო პროცესმა, მათ შორის – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ისრაელში.

ნათლად ვაცნობიერებ, რომ მთელი ეს პროპაგანდისტული სიბინძურე ჩემი საქმიანობის იმ მხარეს ეხება, რომელიც ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებსა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული.

“ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს მედიასფეროში მონოპოლიის მოსაპოვებლად და მთავრობისაგან დამოუკიდებელი მედიების ჩასახშობად – სისხლის სამართლის საქმეები და პოლიტიკური დევნა შეეხო ტვ ფორმულას, მთავარი არხის, ტვ პირველის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებს.

ყველანაირად ცდილობენ თავისუფალი მედიის დაფინანსების წყაროების ჩაჭრას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვვითარდებით და არ ვაპირებთ რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად, სატელევიზიო სივრცე ჩვენი მოქალაქეების ზომბირების იარაღად დავუტოვოთ ხელისუფლებას.

იმედისა და სხვა პროპაგანდისტული „სიბინძურის მანქანების“ საპირწონედ არსებობენ და იარსებებენ თავისუფალი მედიასაშუალებები. რაც უფრო ახლოვდება 2020 წლის 31 ოქტომბერი, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების დღე, მით უფრო მეტი სიბინძურე გადმოიღვრება იმედის და სხვა სახელისუფლებო რუპორების ეთერებში.

ამის გამო, ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით, ვერავინ შეგვაშინებს და თავისუფალი მედიის სარედაქციო პოლიტიკას ვერავინ გაგვიკონტროლებს. მჯერა, რომ საზოგადოების ინტერესშია თავისუფალი სიტყვა და შესაბამისად, ვრჩებით საზოგადოების და არა მთავრობის ინტერესის სადარაჯოზე”, – წერს დავით კეზერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად