დავით გუმბერიძე: დავაზუსტებთ ინფორმაციას, ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი იკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.

როგორც დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელი დაკითხვა იმ ფოტოსურათებს შეეხება, რასთან დაკავშირებითაც დავით ფურცხვანიძე ფიგურირებს.

მისი განმარტებით, მიხეილ რამიშვილმა გამოძიებას ფოტოსურათები წარუდგინა და საქმეზე მის მტკიცებულებად დართვასაც ითხოვდა.

„ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა, მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა, მოცემულობად მიგვეღო, გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა  2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც მიხეილ რამიშვილის მიმართ, მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. საქმესთან მიმართებაში ყველა საგამოძიებო მოქმედებას ვატარებთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები, ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია. ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“, რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, ამ მოცემულობით კომუნიკაცია ამ პირსა და მიხეილ რამიშვილს შორის არის დავით ფურცხვანიძე.

შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტად და მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს რა სახელი დაარქვა, ჩვენი განსახილველი არ არის. დღევანდელი მოცემულობით, ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები“, მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება. კომპიუტერისგან მიღებული ინფორმაცია, რაც განვიხილეთ და რაც კონკრეტულად ამ პიროვნებების სატელეფონო ინფორმაციიდან მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, საფუძველს გვაძლევდა, გვეფიქრა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან და ფალსიფიკაციის ფაქტზე. ეს არის ორი მუხლი, რაზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. რა ფაქტი დადგინდება გამოძიების შედეგად, ამას საზოგადოება მალე გაიგებს“, – განაცხადა  დავით გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე ამ წუთებში კითხვებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი პასუხობს. დღესვე იგეგმება ამავე საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად