დავით გორგილაძე: საგანმანათლებლო სისტემის ვალია, რომ ეს ძალადობა აღარ იყოს

საგანმანათლებლო სისტემის ვალია, რომ ეს ძალადობა აღარ იყოს, – განაცხადა მწერალმა, საქართველოს პირველი არხის წამყვანმა, დავით გორგილაძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გორგილაძემ არსებულ ვითარებაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაცია არის ერთადერთი, რაც ადამიანებს შორის თანაცხოვრებას შესაძლებელს გახდის.

„ეს არის გახლეჩილი ივლისი, ის, რაც იყო 5 ივლისამდე და რაც არის 5 ივლისის შემდეგ. მოხდა ტრაგედია, რომელიც ცდება ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ერთი ტელევიზიის კონტექსტს და ხდება მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ამბავი.

კომუნიკაცია არის ერთადერთი, რამაც შეიძლება, ადამიანებს შორის თანაცხოვრება შესაძლებელი გახადოს. როცა ორ ადამიანს შორის კომუნიკაცია წყდება ხოლმე ან ორ ქვეყანას შორის, მაშინ იწყება ომები. კომუნიკაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც აგრესიას აჩერებს. ცხარე კამათიც კი შეიძლება, საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტებამდე მისვლის გზა თუ არა, რაღაც საერთო შეხების წერტილების მოძებნის გზა იყოს.

ძალადობა ხომ დანაშაულია და ძალადობის გამართლებაც დანაშაულია. ერთ შემთხვევაში ეს ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, მეორე შემთხვევაში, თუ მას არ უდგება სისხლის სამართლის კოდექსი, უნდა ისჯებოდეს მორალური ან პოლიტიკური სასჯელით. უნდა ვიყოთ აქტიური იმიტომაც, რომ ქვეყანაში მყიფე დემოკრატიის პირობებში, ინსტიტუტები არ არის მაინც და მაინც ფეხზე მყარად მდგომი“, – განაცხადა გორგილაძემ.

კომენტარები
იტვირთება...