დავით დვალი: ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს “რუსთავი 2”-ის განადგურებაში

ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით დვალმა “რვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ვცდილობდი ქიბარის მიმართ პრეტენზიის გამოთქმა ამერიდებინა, რადგან მესმის, რომ გადაწყვეტილებები სხვა დონეზე მიიღება. პირდაპირ რომ ვთქვა, ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებებია, მაგრამ დღეს მინდა ვთქვა, რომ უკვე მეორედ, ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს ქიბარ ხალვაშს ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით. მე უკვე აღარ ვიცი რა ჰქვია ამას -ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს რუსთავი 2″-ის განადგურებაში.” – აცხადებს დავით დვალი.

როგორც დავით დვალმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ტელევიზია “რუსთავი 2”-ის მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია.

“დარწმუნებული ვარ, რომ “ტელევიზიის მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია და ე.წ. კონკურსი არის სრული ფორმალობა. თუკი თეორიულად არის შანსი, რომ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდ, გაკოტრების სქემა არ უნდა გამოვრიცხოთ. მე იმ აზრზე ვარ, რომ გაკოტრება არის ალბათ, ბოლო, რაზეც ხელისუფლება წავა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას “რუსთავი 2″-ის სცენიდან წასვლა, რადგან სხვა დაანონსებულ ტელევიზიებს უჩნდებათ შანსი რომ ელექტორატი წაიყვანონ”-განაცხადა დავით დვალმა.

შეკითხვაზე, თავად რომ დათანხმებოდა ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას რომ 40%-ზე, გართულდებოდა თუ არა “რუსთავი 2”-ის გაყიდვის პროცესი, დავით დვალმა განაცხადა, რომ ფორმალურად გართულება შესაძლებელი იყო.
“ფორმალურად შეიძლება გაგვერთულებინა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გაყიდვაში მაინც უნდა გამოსულიყო. პირობა ხომ მაინც უნდა ყოფილიყო, რომ პირველი შეთავაზება ჩვენთვის გაეკეთებინა. ამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ რაღაც ხელმისაწვდომ და რეალისტური შეიძლებოდა ყოფილიყო ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სქემა მაინც იმუშავებდა და მაინც საკონტროლო პაკეტი გამოვიდოდა გაყიდვაზე. არ მგონია, რომ დიდი ცვლილება გამოეწვია, ერთადერთი რაც იქნებოდა, ჩვენ თანამონაწილეები ვიქნებოდით ამ პროცესის და მეტი არაფერი” – განაცხადა დავით დვალმა.

შეკითხვაზე, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრისას იყო თუ არა გაყიდვის პერსპექტივაზე საუბარი, დავით დვალმა განმარტა, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

“საუბარი იყო, რომ ვალები და მძიმე მდგომარეობაა და დღეს ფაქტიურად გაყიდვის მიზეზად სახელდება ეს სავალალო ფინანსური მდგომაროება, რომელიც რა თქმა უნდა, არის, რაც მე რომ მკითხოთ, მთლიანად ხელისუფლების კისერზეა. ვერავინ ვერ გამცემს პასუხს, როგორ მოახერხა “რუსთავი 2-მა და სხვათაშორის, “იმედმაც,” ასეთ მრავალმილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების დაგროვება იმ პირობებში, როცა არცერთ სუბიექტს და არცერთ ტელევიზიას არცერთი თეთრით გადაცილებული დავალიანების გადახდას არ პატიობდა და ყადაღას ადებდა.

იყო ეს პოლიტიკური, იყო ეს ჩანაფიქრი, იყო სპეციალურად გაკეთებული… ამ შემთხვევაში, ეს მეორეხარისხოვანია. პირველი კითხვა ის არის, რომ სახელმწიფომ იცოდა, ვალი რომ გროვდებოდა. არაფერი არ გააკეთა ამის შესაჩერებლად და დღეს, მფლობელი, ისე რომ საერთოდ არ ახსენებს სახელმწიფოს როლს ამ ვალის დაგროვებაში, იძახის, რომ სავალალო მდგომარეობაა და სხვა გზა არ არის – უნდა გავყიდო” – განაცხადა დავით დვალმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...