დავით ბობოხიძე: “ჩვენი მიზანი ფინალის თამაშია”

Covid – 19-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი სპორტული ღონისძიებები ეტაპობრივად ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ყოველ შემთხვევაში სპორტსმენებმა ვარჯიში განაახლეს და ფუტსალის ლიგის გათამაშებაც უახლოეს დღეებში განახლდება. არსებულ სიტუაციაში ჩემპიონატის ორგანიზატორებს თამაშების ჩატარება შემჭიდროვებული გრაფიკით მოუწევთ, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

გუნდები მოახლოებულ მატჩებს ისედაც არასასურველ ფორმაში ხვდებიან და ასეთ დროს სამ დღეში ერთხელ თამაში მოთამაშეთა ტრავმის რისკს ზრდის, რადგან სპორტსმენები სასურველი ფორმისგან შორს არიან, თუმცა სხვა გზაც არ რჩება, საქართველოს ჩემპიონი 19 აგვისტომდე აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და უეფაში საქართველოს საუკეთესო გუნდის ვინაობა გაიგზავნოს, რათა ქვეყნის ჩემპიონმა ევროსარბიელზე თამაში შეძლოს. ვარჯიში დაიწყო და პანდემიის შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩამდე ერთი ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავს თსუ-ს ფუტსალის გუნდი, რომლის მოთამაშე-მწვრთნელი დავით ბობოხიძე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე და საჩემპიონო პერსპექტივებზე გვესაუბრება.

პანდემიის დაწყების შემდეგ ონლაინ ვარჯიშის ორგანიზება გვინდოდა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა. ბიჭები ქვეყნის მასშტაბით მიმოიფანტნენ და ტექნიკური პრობლემის გამო ამის გაკეთება ვერ შევძელით, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშს ყველა ახერხებდა – ძუნძული, მსუბუქი დატვირთვების მიღება მოხერხდა, რაც რა თქმა უნდა, არაფერია გაწერილ, სრული დატვირთვით ჩატარებულ ვარჯიშებთან შედარებით, მაგრამ სულ არაფერს ჯობია – მოთამაშეები ორგანიზმს მეტნაკლებად ტონუსში ამყოფებენ, ელემენტარულად წონას იჭერენ. მას შემდე რაც ღია სივრცეში გასვლის საშუალება მივიღეთ კვირაში ოთხჯერ ხელოვნურ მოედანზე ვვარჯიშობდით, ასე თუ ისე მცირედი ფორმის დაბრუნება მოვახერხეთ, ნორმალურ კონდიციაში ყოფნა კი ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია.

– ასეთ დროს ფორმაში შესასვლელად მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. ამხანაგური მატჩის გამართვას ხომ არ აპირებთ?

ძალიან გვინდა ერთი შეხვედრა მაინც ვითამაშოთ. 25 ივლისამდე მეტს ფიზიკურადაც ვერ მოვასწრებთ, დრო აღარ რჩება. „თბილისს“ გავეჯიბრებით თუ მოხერხდა მატჩის ორგანიზება თუ არადა მაშინ ჩვენივე მეორე გუნდთან ვითამაშებთ.

 

 

– როგორია თსუ-ს მიზნები ამ სეზონში, შარშან წარმატებული სეზონი გამოგივიდათ – თასი მოიგეთ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეთ.

როგორც ყველას ჩვენს გეგმები მნიშვნელოვნად აგვერია. ჩემი გათვლებით გუნდი ფორმის პიკს სეზონის დასკვნით ნაწილში უნდა შევხვედროდით, ახლა ამაზე საუბარი არასერიოზულია. სამწუხაროდ იზრდება ტრავმების ალბათობა, რისკი რომ სათანადო ფორმის გარეშე მოთამაშემ, ასეთ მჭიდრო კალენდარში რამე იტკინოს, მაგრამ ამას რომ ვამბობ ლიგის ხელმძღვანელობას არ ვსაყვედურობ, ვიცით რომ სხვა გზა მართლა არ იყო – 19 აგვისტომდე ჩემპიონი უნდა გამოვლინდეს, უეფა საქართველოს ჩემპიონის ვინაობას ელოდება. შანსები მეტნაკლებად გათანაბრდა, თუმცა „თელასი“ მაინც მთავარი ფავორიტი მგონია – გამოცდილება, გრძელი სკამი, ეს ის ფაქტორებია, რომელიც ამ გუნდს წარმატების მეტ შანსს აძლევს. ჩვენ ვეცდებით ჩვენი პლუსების გამოყენებას და ფინალში გასვლას. პროგრამა მინიმუმიც ეს არის, თუმცა ამ გზაზე მთავარი კონკურენტი „ილია“ ჩვენზე არანაკლებ კარგი გუნდია. ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, რომლებმაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში უფრო მეტად გაუძლონ დატვირთვას. სამაგიეროდ ჩვენს მხარესაა გამოცდილება და ჯანსაღი განწყობა გუნდის შიგნით. ამ თვალსაზრისით თსუ მართლა გამორჩეულია. ამ ეტაპზე შანსებს 50/50 შევაფასებ, დანარჩენს დრო გამოაჩენს. 25 ივლისს სწორედ „ილიას“ ვეთამაშებით, ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. ამ შეხვედრაშიც და ჩემპიონატის დასრულებამდეც დიდი მნიშვნელობა ექნება მოთამაშეთა ჯანმრთელობას, ვინ როგორ ჩაამთავრებს სეზონს, ვინ რამდენად დატვირთავს სათადარიგოებს, აქ მნიშვნელოვანია გრძელი სათადარიგო სკამი. ჩვენ შევეცდებით ახალგაზრდა მოთამაშეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მეტი სათამაშო დრო მივცეთ.

– პანდემიამ ალბათ მომავალი სეზონის გეგმებზეც იმოქმედა. როგორ აპირებთ ახალი სეზონისთვის მომზადებას?

ახლა ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ისიც კი არ ვიცით მომავალი ჩემპიონატი როდის განახლდება. შემოდგომაზე რა როგორ იქნება და ვარჯიშს რამდენად შევძლებთ. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და იქნება ცვლილებებიც, თუმცა ამ ეტაპზე რამის დაგეგმვა ძალიან ძნელია. ერთი რაც აქედანვე ვიცით, ჩვენი მეორე გუნდის რამდენიმე მოთამაშეს მთავარ გუნდში დაწინაურების შანსს მივცემთ. ვფიქრობ 2-3 ბიჭი საამისოდ მზად იქნება. უფრო მეტი გუნდის სიახლეების შესახებ მოგვიანებით გვეცოდინება, ჯერ ეს პირველობა უნდა ჩავამთავროთ და ფინალი ვითამაშოთ, ფინალი კი ისეთია რომ მოგების იმედი ყველას აქვს, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში, როცა გუნდების შანსები მეტნაკლებად გათანაბრდა. საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების ჩატარება პანდემიის გამო ვეღარ ესწრება, მედლების მოპოვება მხოლოდ ჩემპიონატში შეგვიძლია და ორმაგად მოტივირებულები ვითამაშებთ.

სტატიის ავტორი ლექსო მაისურაძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად