დავით ბერძენიშვილი: როცა პლებისციტს განვიხილავდით ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია ენმ-მ მისცა, მისი უკანწაღება ოპოზიციას დააზარალებს

პლებისციტის იდეა ლელოს ფორმატში(მანდატიანი პარტიები) საფუძვლიანად განიხილებოდა. რესპუბლიკელები უფრო ზომიერ სკეპტიკოსთა ფრთას მივეკუთვნებოდით, როგორც არაერთი სხვა ჯგუფი, – ასე ეხმაურება პლებისციტის იდეას “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

“ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია პლებისციტს ენმ-მ მისცა – პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. როგორც მახსოვს, ინიციატორი მანდატების რაოდენობიტ და ხმებით მეორე საარჩევნო სუბიექტი – ევროპული საქართველო იყო.
პარტიები შევთანხმდით, რომ ჩვენი ერთობა ურთიერთკომპრომისებს მოითხოვდა და მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის სახელით დაიდო ერთიანი დოკუმენტი, სადაც ეწერა პლებისციტი 2021 წელს.
ყველამ მშვენივრად ვიცოდით, რომ პლებისციტის მოგების შანსი ოპოზიციას შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ექნებოდა, რადგან მანამდე პლებისციტის არც დანიშვნა ჩავთვალეთ მაღალალბათურად და, რაც უფრო არსებითია, ცალკე პლებისციტში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ვერ მიიღებდა მონაწილეობას.
ოფიციალურად დაახლოებით სამმილიონახევარი ამომრჩეველია. ცხადია, 1.8 მილიონი ამომრჩეველი ოპოზიციას არ ჰყავს და პლებისციტში უმრავლესობას ვერ დავაფიქსირებდით. მეტიც, ოპოზიციის მომხრე მილიონი ამომრჩეველი არჩევნების გარეშე დანიშნულ პლებისციტზე(ვთქვათ, გაზაფხულზე) არ მოვიდოდა.
შესაბამისად, არა მარტო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, არამედ ბოლო არჩევნებში მონაწილეთა( 2 მილიონი) ნახევარზე მეტი ხმაც ვერ ექნებოდა ვადამდელ არჩევნებს საერთონაციონალური არჩევნების გარეშე. ძალიან რომ გაჭირვებოდა ხელისუფლებას,
იგი უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
ამასთანავე, ხელისუფლებას არ აწყობს არაპირდაპირ აღიაროს, რომ არჩევნების შედეგი საეჭვოა. არც მოითხოვდა მისგან დასავლეთი სასწრაფოდ ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამიტომ ხელისუფლება 2021-ში არც კი უშვებდა საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას.
2022 წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილებოდა მანდატიანი პარტიების ლელოს დახურულ ფორმატში. ანდრიუს კუბილიუსი საჯარო შემოთავაზებას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად გამოეხმაურა ლელო, რესპუბლიკური პარტია…სადისკუსიო საკითხი გახდა სხვადასხვა პარტიას და საზოგადოებაში.
ასეთია საკითხის ისტორია.
ახლა პლებისციტის უკან წაღების ინიციატივა ოპოზიციას მკვეთრად დააზარალებს. მით უმეტეს, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ენმ-ს, რომელმაც ყველაზე მარალი ლეგიტიმაცია მისცა ამ საერთოოპოზიციურ ინიციატივას.
პოლიტპატიმრების -ნიკა მელიას, გიორგი რურუას და საციხოდ გამზადებული ბევრი სხვა ადამიანის დახსნა დასავლეთის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. და სწორედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უპრეცედენტო წარმატებული სტარტი გასაძლერებელია და არა უნებურად ჩასაწიხლი.
ვადამდელი არჩევნების პოტენციური თარიღი 2022 წელია. პლებისციტის გარეშე თუ არ თანხმდება ამას ხელისუფლება, უნდა ვეცადოთ, მოვიგოთ პლებისციტი. მოგება კი მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებთან ერთადაა შესაძლებელი.
ან ის რა რთული მისახვედრია, რომ ხელისუფლება თუ იტყვის უარს” პოტენციური ვადამდელისთვის” პლებისციტზე და არც რაიმე სხვა ფორმით დაეთანხმება ვადამდელ არჩევნებს, სწორედ ის გამტყუნდენა ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების თვალში.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან საკუთარ წინადადებაზე უარის თქმა დააზარალებს საერთო საქმეს, ოპოზიციას და საკუთრივ ენმ-ს.
გადაწყვეტილებას პარტიაში ირებს პარტიის ოფიციალური ხელისუფლწება. მაქვს ამის მოლოდინი, იმედიც და ვგულშემატკივრობ ნიკა მელიას. ასევე, სრულიად განსაკუთრებულია საერტაშორისო ასპარეზზე საერთოოპოზიციური მტავარი ფიგურის – სალომე სამადაშვილის ძალისხმევა.
მიშაც ცდება ხანდახან, პლებისციტზე ასეთი დარტყმით შეცდა. დარწმუნებული ვარ ამაში. და ამის დანახვა აუცილებელია. ამით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წონას არაფერი დააკლდება და ენმ, ოპოზიცია მთლიანად და ქართული საზოგადოება მოიგებს.
დასავლეთი -ხელისუფლება -ოპოზიცია
ამ ტრიადაში ის ორი იგებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. პოსტსაბჭოთა საქართველოს მთელი პოლიტიკური ისტორია ამას ადასტურებს!” – წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა:

“ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გვაქვს არც ერთი დღე დასაკარგი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...