დავით ბერძენიშვილი: “ოცნების” დღევანდელი სახეები სააკაშვილის ოპოზიციაში არასდროს ყოფილან! (ინტერვიუ)

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რეალობას მოწყვეტილია და ბავშვობაში არიან ჩარჩენილები. ეს განცხადება დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში გააკეთა და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის ის განცხადება შეაფასა, სადაც კობახიძე ამბობს, რომ პრემიერმა გახარიამ გოიმურ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარა.

ბერძენიშვილი იმასაც ამბობს, რომ „ოცნებაში“ არის ივანიშვილი, დანარჩენები კი არაფერს წარმოადგენენ. მისი თქმით, სახელისუფლებო ელექტორატში გახარიას მიმართ განწყობები თუ ძალიან პოზიტიური გახდა, ივანიშვილი გახარიასაც თითს დაუქნევს და ქვემოთ ჩამოწევს.

პრემიერის პარლამენტის წინაშე წარდგომისა და სახელისუფლებო გამოხმაურებების შესახებ დავით ბერძენიშვილი „აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუ ჩაწერილია, გუშინ 28 მაისს, შესაბამისად პრემიერის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების საკითხები და იქ გაკეთებული განცხადებების შეფასება ინტერვიუში ვერ მოხვდა ავტ:):

_ სანამ პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე გადავალთ, შეაფასეთ ირაკლი კობახიძის მორიგი მწვავე განცხადება ოპოზიციის მისამართით. მან გვითხრა, რომ გახარიამ გოიმურ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარაო. რა გზავნილია კობახიძის ეს განცხადება მორიგ ჯერზე?

_ ეს ძალიან მდარეა, უკვე რამდენჯერ გაიმეორა. იქით ვოლსკი გაეთამაშა რომან გოცირიძეს “ბახ, ბახ”. ბავშვობაში არიან, რეალობას მოწყვეტილები არიან. ბიძინას ქვეშევრდომები ბიძინას კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან ვეზირობის დამტკიცებაში და უთავმოყვარეობაში. არ არის ჩემთვის საინტერესო “ოცნება”, ის ჩემთვის არ წარმოადგენს რაიმე ელექტორალურ ღირებულებას. არის ბიძინა ივანიშვილი, მისი სახელისუფლებო ინსტრუმენტებით, შერჩენილი რეიტინგით, რაც აქვს დარჩენილი და ასევე უზარმაზარი ფინანსური რესურსით. ყველა დანარჩენი პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილია, უფერული მასა, რომელიც სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება.

_ ხელისუფლება ერთი მხრივ ეუბნება ოპოზიციას, რომ საგნობრივი კრიტიკა არ ისმის მათაგან და მეორე მხრივ ისმის იმ სახის განცხადებები, რაც არგუმენტად წინა კითხვაში მოვიყვანე. რა პოლიტიკაა ეს?

_ სამი თვეა, რაც საქართველოში კორონას შემოტევაა და არავის არცერთი თეთრი არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით კომუნალურ გადასახადებში შეხიდებას. სხვა მხრივ არავის არცერთი თეთრი არ მიუღია. არ ვითხოვთ, რომ ამერიკასავით 1200 დოლარი დაერიგებინათ თითოეული მოქალაქისთვის და კანონიერად ამერიკაში მცხოვრები არამოქალაქისთვისაც, ან 900 დოლარზე მეტი იაპონიასავით, მაგრამ 500-500 ლარი მაინც უნდა დაერიგებინათ მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუნდაც იმათთვის, ვინც არ იხდის ქონების გადასახადს, ანუ ვისი წლიური შემოსავალიც 40 000-ს არ აღემატება, ხოლო საშემოსავლოს გადასახადის დაქვითვით 32 000-ზე ცოტა ნაკლებია. საქართველოში რამდენიმე პროცენტის გარდა ყველა დაზარალდა და მოსახლეობის დაახლოებით 2/3 დაზარალდა ძალიან. ამიტომ არაფერი არ აქვს ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას დასაკვეხნი.

რაც შეეხება სიცოცხლის გადარჩენის საკითხში გამკლავებას, აქ ბევრი ფაქტორი იყო – ექიმებსაც დაუჯერეს, გერმანელ მრჩევლებსაც დაუჯერეს, გრაფიკს გაყვნენ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დაგვინდო კორონამ. ჩვენ რეგიონში არ ყოფილა ძალიან დიდი მოძალება და არც ბალკანეთში. მაგრამ არ მინდა გავაუბრალოო ჩვენი საზოგადოების და პროფესიონალების ძალისხმევა, მთლიანად პოლიტიკის დამსახურებები – ხელისუფლება-ოპოზიციის ჩათვლით. მაგრამ რაც შეეხება მეორე ნაწილს, მოსახლეობის სოციალურ დაცვას და აწი  უკვე სულ უფრო აქტუალური გახდება ეკონომიკის თემა, ამ თვალსაზრისით ხელისუფლება ძალიან მოიკოჭლებს.

_ გახარიას გამოსვლიდან არცერთ კითხვაზე არ მიგიღიათ პასუხი, რაც უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას?

_ არა და არც ველოდი ამას, რომ რამე პასუხს მივიღებდი. როდესაც 3 თვის განმავლობაში 1 თეთრი არ არის შეჭირვებული მოქალაქეებისთვის გადაცემული, რა პასუხი უნდა მივიღო?! პასუხი არის ნული.

ხვალიდან იხსნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ვერც კი გვითხრეს რაოდენობრივი შეზღუდვა იქნება თუ არა. მერე თქვეს, რომ სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დგომა არ იქნება. ვერ გვითხრეს იქნება თუ არა სოციალური დისტანცია და მონიშნული ადგილები მეტროსა და ავტობუსებში. ამ დროს დასავლური გამოცდილება სწორედ ამას ამბობს, რომ იქ ადგილები მონიშნულია. როდესაც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ავტობუსში 60 ადამიანი თუ იყო, ახლა უნდა იყოს ოციო, ეს არის მისი პირადი მოსაზრება და ამას ის კატეგორიულად ვერ ითხოვს. დანარჩენი ორი ექიმთა ამ სამეულიდან არ გამოჩენილა, სხვა ექიმებიც ერიდებიან.

_ ვალდებულების ნაწილში მთავრობამ უნდა თქვას რეალურად და არა ექიმებმა. ასე არაა?

_ რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა თქვას და ექიმები არ უნდა აიფარონ და არც ექიმები არ უნდა ეფარებოდნენ წინ. იმედი მაქვს, რომ გაუძლებენ ცდუნებას და არჩევნებში კენჭს არ იყრიან და მაჟორიტარებად არ მოგვევლინებიან ეს ექიმები ხელისუფლების ფლანგზე.

_ ეს ეჭვიც გაგიჩნდათ?

_ არა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში წინასწარ ვამბობ. იმიტომ, რომ ეს ჭორები გაჩნდა უკვე. იმედი მაქვს, რომ თავს არ გამოაყენებინებენ არც სამეულის წევრები, არც ხუთეულის და არც დანარჩენი ექიმები, ვინც კარგად გამოჩნდა ამ პანდემიასთან ბრძოლაში.

ეს ვითარება გვაქვს და ამიტომ გასაგებია, რომ მტრის ხატზე აგებული პოლიტიკა გაგრძელდება და იატაკქვეშეთში გადამალული ბიძინა ივანიშვილი, როგორც უპასუხისმგებლო მმართველი, როგორც რუსი „კუკლავოდი“ აი ისე მართავს თავის ხალხს. სახელისუფლებო ელექტორატში გახარიას მიმართ განწყობები თუ ძალიან პოზიტიური გახდა, გახარიასაც თითს დაუქნევს და მასაც მოქაჩავს და ჩამოწევს ქვემოთ.

_ ანუ თუ მოხდა ისე, რომ გახარია პოსტ კრიზისულ პერიოდს კარგად გაართმევს თავს და მისი ავტორიტეტი გაიზრდება, ეს მისთვის სახიფათო იქნება?

_ არა, მე არ ველი, რომ მისი ავტორიტეტი გაიზრდება. ბიძინა ივანიშვილი ასეთს არ აძლევს მთავრობას. მას რა თქმა უნდა უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს და უკვე დახმარებოდა ფინანსურად ხალხს, მაგრამ მას ეს არ უნდა. როგორც ჩანს, ხალხზე გაბრაზებულია, რომ ვერ დაინახა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის სიდიადე.

_ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას თითი იმაზეც დაგიქნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერიდან მხოლოდ ერთი დეპუტატია, რომელმაც ჩარიცხა თანხა სამთავრობო ფონდში, მაშინ როდესაც „ოცნების“ დეპუტატები მესამედს ვრიცხავთო…

_ არ მაინტერესებს შეკვეთილი ტექსტები. საერთოდ „ოცნების“ დღევანდელი სახეები 2012 წელს საერთოდ არ ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და არასდროს არ ყოფილან სააკაშვილის ოპოზიციაში. ეს ასე ხდება, ასეთი პირები მერე მოდიან ხოლმე ხელისუფლებაში, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციისგან ბელადი თავისუფლდება და მერე ეს ბელადი მათთან ერთად აორთქლდება, ასე დაემართება ივანიშვილსაც.

_ კობახიძის შეკვეთილი ტექსტი ახსენეთ და ივანიშვილმა შეუკვეთა?

_ რა თქმა უნდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად