დავით ბერძენიშვილი: “ოცნებას” არაფერი აქვს დასაკვეხნი, მოსახლეობისთვის 500-500 ლარი მაინც უნდა მიეცათ

ხელისუფლებას არაფერი აქვს დასაკვეხნი, მოსახლეობის უმრავლესობისთვის 500-500 ლარი მაინც უნდა დაერიგებინათ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“სამი თვეა, რაც საქართველოში კორონას შემოტევაა და არავის არცერთი თეთრი არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით კომუნალურ გადასახადებში შეხიდებას. სხვა მხრივ არავის არცერთი თეთრი არ მიუღია. არ ვითხოვთ, რომ ამერიკასავით 1200 დოლარი დაერიგებინათ თითოეული მოქალაქისთვის და კანონიერად ამერიკაში მცხოვრები არამოქალაქისთვისაც, ან 900 დოლარზე მეტი იაპონიასავით, მაგრამ 500-500 ლარი მაინც უნდა დაერიგებინათ მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუნდაც იმათთვის, ვინც არ იხდის ქონების გადასახადს, ანუ ვისი წლიური შემოსავალიც 40 000-ს არ აღემატება, ხოლო საშემოსავლოს გადასახადის დაქვითვით 32 000-ზე ცოტა ნაკლებია. საქართველოში რამდენიმე პროცენტის გარდა ყველა დაზარალდა და მოსახლეობის დაახლოებით 2/3 დაზარალდა ძალიან. ამიტომ არაფერი არ აქვს ამ თვალსაზრისით ხელისუფლებას დასაკვეხნი.

რაც შეეხება სიცოცხლის გადარჩენის საკითხში გამკლავებას, აქ ბევრი ფაქტორი იყო – ექიმებსაც დაუჯერეს, გერმანელ მრჩევლებსაც დაუჯერეს, გრაფიკს გაყვნენ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დაგვინდო კორონამ. ჩვენ რეგიონში არ ყოფილა ძალიან დიდი მოძალება და არც ბალკანეთში. მაგრამ არ მინდა გავაუბრალოო ჩვენი საზოგადოების და პროფესიონალების ძალისხმევა, მთლიანად პოლიტიკის დამსახურებები – ხელისუფლება-ოპოზიციის ჩათვლით. მაგრამ რაც შეეხება მეორე ნაწილს, მოსახლეობის სოციალურ დაცვას და აწი  უკვე სულ უფრო აქტუალური გახდება ეკონომიკის თემა, ამ თვალსაზრისით ხელისუფლება ძალიან მოიკოჭლებს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად