დავით ბერძენიშვილი ბარამიძეზე: დსთ-შიც გაშევარდნაძებული ჟვანიას მწვანეების დეპუტაციამ შეათრია საქართველო, გიას ხმაც იმ ყულაბაში იყო

“ყოველ ჯერზე, 1992- დან მოყოლებული, ნაგვის ურნა რომ ჩამოემხოთ მაშინდელ ოპოზიციონერ აქტივისტებს რუსეთში ჩვენი სამშობლოს შემთრევი და ჯიუტად იმ საოკუპაციო სივრცეში დამტოვებელი პოლიტიკოსებისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი ტაში დაგვეკრა,, სწორი იქნებოდა? აჭარის უმაღლეს საბჭოში კი არ შედიოდნენ, რუსეთში შეეთრნენ!!! მეტი იყო აშკარად გულწრფელი მოტივაცია!”

ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი ბათუმის ბულვარში “რესპუბლიკელი” დეპუტატისთვის ნაგვის ურნის თავზე დაყრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ნაწილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს სოციალურ ქსელში.

“გია ბარამიძე სულაც არაა ის ადამიანი, ვის პოლიტიკურ წარსულზეც ყველაზე ცუდი ასოციაციები მახსენდება. აფხაზეთში მისი ბრძოლაც მახსოვს და სხვა დროსაც წესიერი ქცევა.

ამასთანავე, ხაჩიშვილის – ჯაბას მხედრიონელად მიჩნეული რუსეთის სპეცსამსახურის კადრის (რაც მაშინაც დადასტურებული იყო ჩემთვის და, ეტყობა, ცოტა მოგვიანებით გიასთვისაც) შსს მინისტრად გახდომა უშუალოდ გია ბარამიძის ერთადერთმა და განუმეორებელმა ხმამ გადაწყვიტა – აქლოშინებული შემოვარდა პარლამენტის დარბაზში 1992- ის ბოლოს და სხვა მწვანეებს შეუერთა მისი გადამწყვეტი ხმა. არადა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია ვეწინააღმდეგებოდით – რესპები სხვებზე უფრო ხმამაღლა.

დსთ-შიც უკვე ღიად გაშევარდნაძებული ჟვანიას მწვანეების დეპუტაციამ შეათრია საქართველო, გიას ხმაც იმ ყულაბაში იყო.

ყოველ 6 თვეში ერთხელ მოქკავშირის დეპუტაცია (ახალგაზრდა რეფორმატორების, ჟვანია-სააკაშვილის დეპუტაციის ჩათვლით) წლების განმავლობაში რომ უხანგრძლივებდა დსთ-ს ეგიდით რუსეთის რეალურად საოკუპაციო ჯარს აფხაზეთში, ენგურზე სასაზღვრო ჯარის ფუნქციით ყოფნას, მაშინაც იმ ცუდ საქციელს ჩადიოდა გიაც.

2006-ში დსთ-დან გამოსვლის საკითხი კენჭისყრაზე რომ დავსვი ფრაქციის სახელით, ნაცმოძრაობამ მხარი არ დაგვიჭირა რესპებს. გია ბარამიძე არ იყო მაშინ დეპუტატი, სხვები კი იყვნენ, ვინც ახლა ნაგვის ურნის იდეოლოგები და მომწონებლები აღმოჩნდნენ. იმედია, ნანობენ მაშინდელ საკუთარ უღირს საქციელს.

ყოველ ჯერზე, 1992- დან მოყოლებული, ნაგვის ურნა რომ ჩამოემხოთ მაშინდელ ოპოზიციონერ აქტივისტებს რუსეთში ჩვენი სამშობლოს შემთრევი და ჯიუტად იმ საოკუპაციო სივრცეში დამტოვებელი პოლიტიკოსებისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი ტაში დაგვეკრა,, სწორი იქნებოდა? აჭარის უმაღლეს საბჭოში კი არ შედიოდნენ, რუსეთში შეეთრნენ!!! მეტი იყო აშკარად გულწრფელი მოტივაცია!

არ იქნებოდა სწორი!

ჰოდა, საკუთარ პოლიტიკურ კალენდარს რაც მალე დავძლევთ ყველა, მით უკეთესი.

ბოიკოტის ტაქტიკის ინიციატორებს და გაზაფხულზე “შემაძრწუნებელი აქციებით” ხელისუფლების გაშვების დამაანონსებლებს სხვა, გაცილებით დიდი ამოცანა აქვთ დაანონსებული. ეჭვი თუ ვინმეს შეეპარა მის რეალისტურობაში, მას “კონსტრუქციული, ლოიალური და ა.შ. ოპოზიციის მხილება’ ვერ უშველის. ირაკლი, ალეკო, იაგო და ა.შ. არაა საპირწონე. ხელისუფლებაა ორიენტირი და დასამარცხებელი. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღები პოლიტიკოსები იქნებიან პასუხისმგებელნი როგორც წარმატების, ისე მარცხის შემთხვევაში!

ჩემგან არ გაუკვირდებათ ამის შეხსენება – 1 ნოემბერს ვთქვი…საჯაროდაც!

ის, რომ პოსტსაბჭოთა, ჰიბრიდული, ნახევრადთავისუფალი და ა.შ,. ვითარება გვაქვს, არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გზა მცდარია. ” ძირს ლიტვური გზა” ხავსმოდებული, 30 წლის წინ რეალობასთან დამარცხებული პრიმიტივიზმია.

უფრო დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ – როგორც 1990-ში, 2003-ში, 2012-ში… მაშინ ვერ გერევა ხელისუფლება”წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ: 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს “რესპუბლიკელ” დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავა.

საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად