დავით ბაქრაძე: ტვირთისგან, რომელმაც მათ შორის, წაგვაგებინა 2012 წლის არჩევნები, თავისუფალი დღესაც არ ვართ

“ეს იყო მძიმე ნაბიჯი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი”.
ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ “ღამის კურიერში” დასმულ შეკითხვას ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა გახამური მკვლელობების საქმეებზე საუბრისას, როდესაც გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს მან აღნიშნულ საქმეებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდო.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის განცხადებით,  კონკრეტული საქმეების არგამოძიება იყო არასწორი და მძიმე ნაბიჯი და ამ  ტვირთს ისიც და მისი თანაგუნდელები დღესაც ატარებენ.

“ეს იყო მძიმე ნაბიჯი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მე აქედან არ გავრბივარ და თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, მიმაჩნია, როდესაც მე ვსაუბრობდი წეღან კონკრეტულ დანაშაულებებზე, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ ამ კონკრეტულ დანაშაულებზე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, ამიტომ რა თქმა უნდა, ის, რომ ხელისუფლებამ მაშინ არ გამოიძია ეს ყველაფერი სრულფასოვნად, იყო ძალიან დიდი ტვირთი არა მხოლოდ კონკრეტული გამოძიების დანაშაული, ეს იყო დიდი ტვირთი მაშინდელ ხელისუფლებაზე, ის ტვირთი, რომელმაც მათ შორის, წაგვაგებინა 2012 წლის არჩევნები და ის ტვირთი, რომლისგან თავისუფალი დღესაც არ ვართ. მეც და ჩვენი გუნდელებიც ამ ტვირთს დღესაც ვატარებთ. არის რაღაცა, რაც არ ქრება ცხოვრებაში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ მოინდომა დავით ბაქრაძემ 2009 წელს ამ ხალხთან შეხვედრა, როდესაც გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებსა და ოჯახის წევრებზე მაშინდელმა ოპოზიციამ საშვები დაუშვა, თუმცა პარლამენტის უსაფრთხოებამ ისინი წელს შენობაში არ შემოუშვა – დავით ბაქრაძემ  უპასუხა, რომ შეხვედრა, რომელსაც არ მოჰყვებოდა კონკრეტული შედეგი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა.

“მიმაჩნდა, რომ იმ სიტუაციაში შეხვედრა, რომელსაც არ მოჰყვებოდა კონკრეტული შედეგი, ასეთი შეხვედრა  იქნებოდა ჩემგან უბრალოდ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად