დავით ბაქრაძე: “თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტია და ოცნებაც”

"თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, გვერდზე დაგვრჩება ოცნებაც და გვერდზე დაგვრჩება ყველაფერი, იმიტომ რომ დავბრუნდებით 90-ებში”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობას აქვს კონკრეტული გეგმა, "თუ როგორ გამოვიყვანოთ საქართველო ეკონომიკური კრიზისიდან". მისივე თქმით, მზად არიან, განიხილონ ეს პრობლემები პოლიტიკურ ოპონენტებთან.

"ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ არა მხოლოდ ლარის კურსი ზევით იწევს… ეს ნიშნავს დაკლებულ ხელფასებს, დაკლებულ პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებს, გაძვირებულ ცხოვრებას, ეს არის ერთი და ძალიან ცუდი მხარე. მეორე მხარე გახლავთ ის ცუდი დამოკიდებულება, რასაც ამჟღავნებს ხელისუფლება ამ პროცესების მიმართ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველგან ეძებს დამნაშვეს, გარდა საკუთარი მუშაობისა, ყველაფერი ცდილობს გადააბრალოს უცხოეთში მიმდინარე პროცესებს, მაშინ, როდესაც ამას ძალიან მცირე წვლილი აქვს ლარის გაუფასურებაში.

ჩვენ ვხედავთ პარლამენტს, სადაც დღეს ვიმსჯელეთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ გვიმსჯელია მთავარზე, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს – რა მოვუხერხოთ ლარს, როგორ გავაჩეროთ ლარის ვარდნა და როგორ ვუშველოთ ხალხს. ამ სიტუაციაში, მიმაჩნია, რომ მთავრობაც და პარლამენტიც უნდა იდგეს ფეხზე და აკეთებდეს ყველაფერს, რომ პრობლემა გადაჭრას და საუბრობდეს არა რაღაც კანონებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სიტუაციაში მთავარია ლარის სტაბილურობა და ჩვენი მოსახლეობის პრობლემის მოგვარება.

თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, გვერდზე დაგვრჩება ოცნებაც და გვერდზე დაგვრჩება ყველაფერი, იმიტომ რომ დავბრუნდებით 90-ან წლებში. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას არ უნდა ეს ბოლომდე გაიაზროს”,-განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები
იტვირთება...