დავით ბაქრაძე: შშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს მითითება, რომ საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ნატოს წევრი

“საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მარტის დასაწყისში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი“- წერს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“ -ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით – „საერთო ღირებულებები: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა“.

მისი თქმით, ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, რომელსაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა.

დავით ბაქრაძე იხსენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ეს შეთანხმება წარმოადგენს „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დემოკრატიის გაძლიერებისკენ, პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ“.

“ამ ცვლილებებს ასევე მოჰყვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან და უმაღლესი შეფასება ორივე პარტიის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პროდემოკრატიული ცვლილებების მიღებას, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობარი ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, „კომპრომისისა და [პოლიტიკური] სიმწიფის გზით, საბოლოოდ გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიის განმტკიცებისკენ. ხსენებული საყოველთაო მხარდაჭერა მეტყველებს საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე, ასევე ჩემი ქვეყნის მიზანმიმართულებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“ – წერს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, ამ მიზანმიმართულებამ დადებითი შედეგები მოუტანა საქართველოს ეკონომიკასაც.
„Heritage Foundation-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. გარდა ამისა, ეს მიზანმიმართულება კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ურთიერთობას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის. როგორც საქართველოს ელჩი აშშ-ში, მე ყოველდღიურად ვხედავ ამ პარტნიორობას მოქმედებაში“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ – ნათქვამია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის წერილში, რომელსაც „real clear world“ აქვეყნებს.

ელჩის განცხადებით, ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი“.

„წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი ერთხმად მიიღო, რაც წარმოადგენს იშვიათობას ამჟამინდელი პოლარიზაციის გათვალისწინებით. ჩვენ მოვუწოდებთ სენატს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ. გარდა ამისა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააჟღერეს მითითება, რომ საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ნატოს წევრი, რომელიც, თავად ალიანსის თქმით, უკვე წარმოადგენს მის „ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს“. საქართველო მზად არის ამ როლისთვის – ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ეს ნატოს მისიებში მებრძოლთა გაგზავნის გზით, მათ შრის ავღანეთის მისიაში“ – წერს დავით ბაქრაძე
როგორც ელჩი აღნიშნავს, დასავლეთის სტრატეგიულ განხილვებში შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას ზრდის კვალდაკვალ, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს გრძელი შავიზღვისპირა ზოლი, გეოგრაფიული სიახლოვე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოსფორის სრუტესთან და ჩვენი მზარდი დაახლოება ნატოსთან.
„საქართველოს ტერიტორიების დაცვისკენ მიმართული ძალისხმევისთვის ასევე სასარგებლო იქნება ამერიკიდან „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შემოტანა, რის მიზანსაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. მზარდი კავშირები საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ სახელმწიფოებს შორის განასახიერებს ერთ ჭეშმარიტებას: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია. მნიშვნელოვანი საფრთხეების და მზარდი გამოწვევების პირობებში სწორედ თანამშრომლობა წარმოადგენს წინსვლის ერთადერთ გზას“ – ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად