დავით ბაქრაძე: რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, ეს რეგლამენტისა და საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა იყო

“დღეს რაც იკადრა “ქართულმა ოცნებამ”, ეს იყო რეგლამენტის, პროცედურის და საზოგადოების პატივისცემის წინააღმდეგ წასვლა. დღევანდელ სხდომაზე ნათლად გამოჩნდა, რომ უმრავლესობა არა მხოლოდ გვიკანონებს მურუსიძის სასამართლოს, არამედ ამას აკეთებს ყოველგვარი პროცედურის, ნორმის და საზოგადოებრივი პატივისცემის იგნორირებით და პარლამენტის თავზე რეგლამენტის თავზე გადახევით,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ განუცხადა, სადაც “საერთო სასამართლოების” კანონში ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი.

დავით ბაქრაძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც ელოდებოდა მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, არ არის განხილული საკომიტეტო მოსმენაზე, ანუ საკითხი გამოდის ისე, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საერთოდ არ უმსჯელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

“საკითხი გამოდის ისე, რომ არცერთ პარლამენტარს არ უნახია გადამუშავებული კანონპროექტი. დღეს დილით დაარიგეს რაღაცა, რომელსაც აწერია არაოფიციალური ვერსია. რას ნიშნავს არაოფიციალური ვერსია, როდესაც პარლამენტში მიიღება ქვეყნისთვის მთავარი კანონი სასამართლო რეფორმის შესახებ და საუბარი არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე? ანუ ყველაფერი კეთდება კომიტეტის, საპარლამენტო განხილვის გვერდის ავლით, რაღაც არაოფიციალური დოკუმენტების დარიგებით და თურმე, მთელმა საქართველომ პირდაპირ სხდომაზე ანრი ოხანაშვილის პირით უნდა შევიტყოთ სიმართლე, როგორი იქნება ქვეყანაში სასამართლო და ამას უნდა დავეთანხმოთ”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ვალდებულება იყო, რომ ეს პროცესი შეჩერებულიყო.

“ელემენტარულად მცირე დრო მაინც გვქონდეს, გავეცნოთ, რა წერია ამ არაოფიციალურ დოკუმენტში. სხვათაშორის, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს არაოფიციალური დოკუმენტების სხდომაზე დარიგებას. ეს არის ის, რაზეც ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობის წევრები დღეს დილით შეთანხმდნენ. მთელმა საქართველო ანრი ოხანაშვილის პირით და არაოფიციალური დოკუმენტებით უნდ გავიგოთ თურმე. დღეს რაც იკადრა “ქართულმა ოცნებამ”, ეს იყო რეგლამენტის, პროცედურის და საზოგადოების პატივისცემის წინააღმდეგ წასვლა”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...