დავით ბაქრაძე: გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“

“როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ.”

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტების  მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილება, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა იქნება.

„არც თქვენ, არც მე და არც საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცის, რა მოხდება ხვალ. საქართველოში ცვლილებები ხორციელდება არა პოლიტიკური ლოგინიდან გამომდინარე, არამედ ერთი ადამიანის გეგმებისა და სურვილების მიხედვით. როგორი იქნება ეს სურვილები ხვალ, არც თქვენ იცით, არც მე. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ვიცი – როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ. გამოსავალი არის ერთი – მთლიანი „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ პირველივე არჩევნებზე.

ამ ფონზე გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ეს ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“. გახარიას დანიშვნა დღეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ჩაიძირება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...