დავით ბაქრაძე: დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ხაზი – ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე შეიყვანა

“დღევანდელი გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეიყვანა ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე, საიდანაც ყველა ერთად შეიძლება უფსკრულში გადავიჩეხოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე განაცხადა.

“დღევანდელი გადაწყვეტილებით 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ შეიყვანა ქვეყანა უაღრესად საშიშ ბეწვის ხიდზე, საიდანაც ყველა ერთად შეიძლება უფსკრულში გადავიჩეხოთ.
მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 19 აპრილის შეთანხმებამ შექმნა შესაძლებლობა, დასრულებულიყო კრიზისი, ქვეყანა გამოსულიყო უმწვავესი დაპირისპირების ფაზიდან, ამუშავებულიყო პარლამენტი და ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებული რეფორმების და ნაბიჯების გზით წავსულიყავით წინ. სამწუხაროდ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა ოფიციალურად დაასრულა – ისედაც პოლარიზაციის და ძალადობის ჭაობში მყოფი ქვეყანა დადგა სამოქალაქო და პოლიტიკური დაპირისპირების ახალი, უმწვავესი საფრთხის წინაშე.

არანაკლებ საგანგაშოა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებთან. ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება პრობლემას უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას და გარდაუვლად მიაქანებს საქართველოს რუსეთისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი სცენარია. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაავლო გამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც მარტო დარჩენილი მმართველი გუნდი და რუსული მომავლის საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს ერთად უნდა ვიდგეთ ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითოეული ჩვენგანის ვალია, არ დავუშვათ ჩვენს მეგობრებთან დაპირისპირების და დასავლური კურსიდან გადახვევის შესაძლებლობა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები
იტვირთება...