დავით ბაქრაძე ბიუჯეტის ცვლილებებზე: გიორგი გახარიამ მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს

“ევროპული საქართველო” მხარს კატეგორიულად არ დაუჭერს 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით 223 მილიონით იზრდება ხარჯვის ნაწილი და ჯამურად 13,3 მილიარდ ლარს უტოლდება. 

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წვერებმა დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ითქვა, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არის სიმბოლური, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას ატყუებს.

“საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გვახსოვს, როცა თქვა, რომ თურმე, ლარი იმიტომ უფასურდება, რომ საქართველოს მთავრობა ვალებს არ იღებს. ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს ისედაც გათვალისწინებული იყო 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ვალის აღება, ცვლილებებით 400 მლნ ლარს კიდევ დაემატება 500 მლნ ლარი და მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი 900 მლნ ლარი იქნება. 2012 წელს, ვალი 7,8 მლრდ ლარი იყო. დღეს ვალი 19 მლრდ ლარზე მეტია, გაორმაგებულია. საგანგაშოა – ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს. ვალი არის საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, არც “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები კარგად აჩვენებს მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებას გააჩნია და 500 მლნ ლარიან ვალს ვიღებთ, რადგან ხელისუფლებამ შეღავათიანი საგარეო კრედიტის ათვისება ვერ მოახერხა.

“მათი უნიათობის, თავმოუბმელობის, კორუფციის გამო შეღავათიანი კრედიტის ათვისება ვერ მოახერხეს და იძულებული ვართ, 500 მლნ ლარი შიდა ვალი ავიღოთ, რაც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. ეს აჩვენებს სისტემის მარცხს – უუნარობას, არაკომპეტენტურობას, კორუფციას. მაშინ, როცა საგარეო ინვესტიციები საგანგაშო ნიშნულზეა ჩამოსული, ხელისუფლება შეღავათიან კრედიტს ვერ ითვისებს და იძულებულია, საშინაო ვალი აიღოს. ვალი შეიძლება აიღო, როცა ეს ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ვალი რა მიზნით იქნება აღებული, ეს ცალკე თემაა. ეს ვალი ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე დაიხარჯება და არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ქვეყნის ვალების საგანგაშოდ ზრდა ხდება, მთავრობის მხრიდან არასწორი მენეჯმენტი და ბიუროკრატიაზე თანხის ხარჯვა და საკუთარი კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენება, ეს არის მავნებლური და საგანგაშო ინიციატივა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის ვალს და რთულ მდგომარეობაში აყენებს ქართულ ეკონომიკას”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ: გუშინ, პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კანონპროექტი დარეგისტრირდა. 223 მილიონით იზრდება ხარჯვის ნაწილი და ჯამურად 13,3 მილიარდ ლარს უტოლდება.

იზრდება განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად