დავით ჭიჭინაძე: “ქართული ოცნება”  მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა გასატანი

– ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

“იმის მერე, რაც მოვისმინეთ, რომ 2012 წელი თურმე ხარვეზიანი ყოფილა და დაპირებებს თურმე შესრულება არ უწერია, ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე პირველ რიგში „ქართული ოცნების“ საქმეა განსახილველი და მისი პარლამენტის თავმჯდომარის. მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზეა მთლიანი „ოცნება“ გასატანი. მათ მოახერხეს ის, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი და ამიტომაც, როცა არგუმენტები არ აქვთ, გადადიან კუნთებსა და მუშტებზე, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ

მოკლედ, სანქცია არ უშველის არაფერს. აღარავის სჯერა მათი სიტყვების და არაფრით არ განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან”, თანაც, წესრიგის დამყარება არ ხდება შეზღუდვით. წესრიგის დამყარება ხდება წესიერი საქციელით და არა ვიღაცის მოგონილი სანქციებით. ანუ, უკულტურო დეპუტატს არანაირი ეთიკის საბჭო არ უშველის და ეს მხოლოდ თამაშია. ისე, მივლინებაში მეც მივდიოდი ყაზახეთში, დამკვირვებლად, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ამიკრძალა. ასე რომ, დიდი დანაკარგი არ არის. თვითონ ფაქტია ყველაზე არაეთიკური, რომ შენი საკითხი ეთიკის საბჭოზე გადის”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ეთიკის საბჭომ პირველი სხდომა ჩაატარა და გადაწყვეილება მიიღო, რომ ეთიკის კოდექსის დამრღვევი დეპუტატები აღარ დაისჯებიან. 

პარლამენტში შექმნილი ეთიკის საბჭო კონკრეტული სარჩელების განხილვას საშემოდგომო სესიიდან დაიწყებს. ამასთან, ეთიკის კოდექსის დამრღვევ დეპუტატებს სასჯელის სახით უცხოეთში ვიზიტების შეზღუდვა და ფულადი ჯარიმა აღარ დაუწესდებათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...