დაუვიწყარი სანახაობა და ოვაციების ზღვა – Jessie J-მ ”ბლექ სი არენაზე” კონცერტი გამართა (ვიდეო)

6 აგვისტოს, შეკვეთილში საქართველოში ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზ Black sea arena-ზე ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, ჯესი ჯეის (Jessie J) კონცერტი გაიმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ შეკვეთილში მდებარე დარბაზი, რომელიც 10 000-მდე მაყურებელს იტევს, სავსე იყო. დარბაზში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი იმყოფებოდა.

ადგილზე  სხვადასხვა ფოტოზონები, საკვები ობიექტები, საბავშვო ზონა და სხვა უამრავი საინტერესო სივრცე იყო მოწყობილი, სადაც ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, ფოტოსურათები გადაეღოთ, ცოცხალი მუსიკისთვის მოესმინათ, ეცეკვათ და საოცარი განწყობა შექმნოდათ.

კონცერტი დაახლოებით 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და სრული ანშლაგით დასრულდა. მომღერალმა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულა, როგორიცაა Flashlight, Price Tag ft. B.o.B, Bang Bang და სხვა.

ქართველი მსმენელი მასთან ერთად მღეროდა ცნობილ სიმღერებს, რამაც ჯესი ჯეი ძალიან გაახარა. მან ქართველ მსმენელს მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა და სცენასთან მყოფ თაყვანისმცემლებსაც გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ერთ-ერთ მსმენელს თავისი გამოსახულებით ფოტოსურათიც გამოართვა და შემდეგ ის თავის პროფილს შეადარა.

მომღერალმა სცენაზე წერილიც წაიკითხა და ქართველ მსმენელს გულწრფელი ემოციებით უმღერა.

საქართველოში ჩატარებულ კონცერტს მომღერალი ოფიციალურ Instagram-ზე უკვე გამოეხმაურა და ქართველ თაყვანისმცემლებსა და მსმენელებს დიდი მადლობა გადაუხადა.

“გამაგიჟებელი ენერგია იყო. ჩემი პირველი გამოსვლა საქარველოში. თქვენ ძალიან ხმამაღალი და სიყვარულით სავსე იყავით, მადლობა”, – დაწერა მომღერალმა საკუთარ “ინსტაგრამზე”.

Jessie J-ის კონცერტის ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იყო.

ბრიტანელ შემსრულებელს მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

2019 წელს Jessie J მსოფლიოში მოგზაურობას აგრძელებს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს.

როგორც ცნობილია, 16 ივნისს Black sea arena-ს სცენაზე უკვე გაიმართა ჯგუფ The Black Eyed Peas-ის კონცერტი, ხოლო 13 აგვისტოს Black Sea Arena ბენდ Thirty Seconds to Mars-ს უმასპინძლებს. ორგანიზატორები მსმენელებს და სტუმრებს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან.

“აიპრესი გთავაზობთ კონცერტის ამსახველ ფოტომასალას, რომელსაც Black sea arena ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...