დაუმორჩილებლობის ბრალდებით პოლიციამ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხნის მუშა დააკავა

სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პოლიციამ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ. პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სამართალდამცველები ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“-მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ე.წ. „ცდფ“-ის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ, რა დროსაც ამავე კომპანიის თანამშრომელმა – ზ.ჩ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს.

დაკავებული ზ.ჩ. სასამართლოში არის გადაყვანილი.

გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

აღნიშნული განცხადება შსს-ში მას შემდეგ გააკეთეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჭიათურის პოლიციის უფროსს ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებულები ცემაში ადანაშაულებდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად